მიხეილ სააკაშვილის დაკავება

რუსთავი 2-სა და TV პირველის ჟურნალისტები უკრაინაში არ შეუშვეს

რუსთავი 2-სა და TV პირველის გადამღები ჯგუფები უკრაინაში არ შეუშვეს. თამარ ნუცუბიძეს და ვახო სანაიას ბორისპოლის აეროპორტში, უკრაინის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

ჟურნალისტების თქმით, მათ მხოლოდ ის უთხრეს, რომ ქვეყნის შესვლის მიზანი ვერ დაასაბუთეს. ამასთან, მესაზღვრეებმა მედიის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ მათ უკრაინაში შესვლის უფლება ერთჯერადად შეეზღუდათ.

თამარ ნუცუბიძე და ვახო სანაია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გასაშუქებლად გაემგზავრნენ.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი დღეს რამდენიმე საათით კიევში დააკავეს. სპეცრაზმის წევრებმა ის სახლის სახურავიდან აიყვანეს. სააკაშვილის მომხრეებმა ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც, პოლიციამ ავტომობილი ადგილიდან ვერ დაძრა.

რამდენიმე საათში, აქციის მონაწილეებმა სააკაშვილი პოლიციის მანქანიდან გადმოიყვანეს. მათ ამის შემდეგ რადას შენობასთან გადაინაცვლეს და პეტრო პოროშენკოს გადადგომა მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას შენობასთან დარჩენას იქამდე აპირებს, "ვიდრე ხალხი ამ ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს".

ოდესის ყოფილ გუბერნატორს დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას ედავებიან. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

კომენტარები