ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

პრემიერი სახანძრო უსაფრთხოებაზე: დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვა

gov.ge

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველა ორგანოს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაამკაცროს კონტროლი სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში კომპრომისები მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს.

"რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. ხანძრები ყველგან ხდება და არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ აქ არ მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით.

მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ანალოგიურია. ასევე, მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რეგიონებში კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამუშაო კამპანია, რათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული" - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ "აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი".

"ან თუ გნებავთ აღრიცხვა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით, ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. ასევე უნდა შემოწმდეს, რამდენად უზრუნველყოფილია ადამიანების თავისუფალი მოძრაობა ასეთი ტიპის საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო, რათა დავადგინოთ, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით" - თქვა პრემიერმა.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები