თბილისის მერი კახა კალაძე ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას ითხოვს. თბილისის მერი შესაბამისი ინიციატივით თბილისის საკრებულოს მიმართავს. კახა კალაძის თქმით, ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის სამსახურები შეასრულებენ.
"მიზანშეწონილად მიმაჩნია თბილისის მერიას დაქვემდებარებული განაშენიანების რეგულირების საბჭოს ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმება. ამ ინიციატივით მივმართავ შესაბამის ორგანოებს. მოგეხსენებათ, საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა, მე ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვისაუბრე, რომელიც, რასაკვირველია, აგრეთვე შეეხება ურბანული პოლიტიკის განვითარებასა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციურ გარდაქმნას. ამ პროცესის დასრულებამდე ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ" - განაცხადა კალაძემ.
ე.წ ზონალური საბჭო მშენებლობებზე რეკომენდაციებს გასცემს. როგორც ცნობილია, თბილისის ახალი მერი სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას აპირებს.





