ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

booking.com

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა. კანონმდებლობა ადგენს რამდენიმე სახის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ ნორმების დარღვევისთვის. თუ ობიექტს არ აქვს გამართული სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ხოლო თუ ამ სამართალდარღვევას მოჰყვა ხანძარი და მის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობა დაზიანდა ეს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

სასტუმრო Leogrand-ი ივლისში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, 100 ლარით დაჯარიმდა. თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილი ჰქონდა გუშინაც და 11 პირის სიკვდილიც სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია, ამას სასტუმროს ადმინისტრაციის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა შეიძლება მოჰყვეს. 

სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. კოდექსის მიხედვით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ეკისრებათ.

სახანძრო უსაფრთხოების რა სტანდარტების დაცვა ევალებათ სასტუმროებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით:

2015 წლის 23 ივლისს მთავრობამ გამოსცა სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი, რომლის დაცვაც სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, მათ შორის სასტუმროებს, საავადმყოფოებს, საწყობებს, ბენზინგასამართ სადგურებსა და სხვა ობიექტებს ევალებათ.

რეგლამენტი მოიცავს მრავალი სახის რეგულაციას, რომელიც თანაბრად ვრცელდება, როგორც შენობის ინფრასტრუქტურაზე, ასევე მასში დასაქმებულებზეც. მაგალითად, თანამშრომლებიც აყვამანმდე ობიექტმა მათ უნდა ჩაუტაროს დეტალური ინსტრუქტაჟი მოქმედი სახანძრო სისტემების შესახებ, პერსონალი უნდა იცნობდეს საევაკუაციო გეგმას. რეგლამენტის მიხედვით, პერსონალი მინიმუმ 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს საცდელ ევაკუაციას. ასევე, ობიექტს უნდა ჰყავდეს ცალკე გამოყოფილი პერსონალი, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირებაზე უნდა ზრუნავდეს. კანონის მიხედვით, სასტუმროს ადმინისტრაცია ვალდებულია გააცნოს სტუმრებს სასტუმროს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

ინფრასტრუქტურის მხრივ კი სავალდებულოა ობიექტებს ჰქონდეთ საევაკუაციო კიბე და საევაკუაციო გზები, რომლიც შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად:

  • აკრძალულია საევაკუაციო გზების მოსაპირკეთებლად იმ მასალების გამოყენება, რომელთა სახანძრო საშიშროების მაჩვენებელი აღემატება სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ მაჩვენებელს.
  • აკრძალულია კიბის უჯრედებსა და დერეფნებში საკუჭნაოების და სამშენებლო პროექტით გაუთვალისწინებელი სხვა სათავსების მოწყობა, აგრეთვე კიბის მარშების ქვეშ და ბაქნებზე ნივთების და სხვა მასალების შენახვა.
  • შენობების, სათავსების საევაკუაციო გასასვლელების კარებს, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უნდა ჰქონდეთ ისეთი სახელურები და ჩამკეტები, რომლებიც იძლევიან დამატებითი ძალის გამოყენების გარეშე, ცალი ხელით კარის გაღების საშუალებას. დერეფნის ან სათავსის კუთხეებში არსებული კარის სახელურების დაშორება გვერდით კედლამდე უნდა იყოს არანაკლებ 0,6 მ.

რეგლამენტის მიხედვით, შენობას უნდა ჰქონდეს სახანძრო სიგანიზაციისა და ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები. ასევე სპეციალური კვამლსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც შენობას ძლიერი დაკვამლიანებისგან დაიცავენ. კანონის მიხედვით, აღნიშნული სისტემების გათიშვა დაუშვებელია და მათი შეუფერხებელი მუშაობისთვის პასუხსიმგებლობა ობიექტის ხელმძღვანელობას ეკისრება. ობიექტზე გაკრული უნდა იყოს საევაკუაციო გეგმები, ხანძარსაწინააღმდეგო ავტომატურ სისტემებთან ერთად აუცილებელია ობიექტში იყოს ცეცხლმაქრები და ასევე სპეციალური ჰიდრანტები. 

კომენტარები