ხანძარი

ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის გამო, კვირიკაშვილი ბრიუსელიდან ბათუმში დაეშვა

სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის გამო, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელიდან, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ესწრებოდა, თბილისის ნაცვლად ბათუმში ჩაფრინდა. მან ნახევარი საათის შემდეგ სასტუმრო კომენტარის გარეშე დატოვა. ბათუმში, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11, ხოლო დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი. უწყების ცნობით, გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. სასტუმროში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა. 

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით უწყებამ მუხლი შეცვალა და გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

კომენტარები