საკონსტიტუციო ცვლილებები

ირაკლი კობახიძე: უშიშროების საბჭო უქმდება, ის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანოა

პარლამენტი

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ. მისი თქმით, ის არაქმედითი ორგანოა. 

"უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო. მე თვითონ ვარ ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი და ამ საბჭოს უფლებამოსილება არ შეესაბამება მთლიანად მმართველობის სისტემას. ეროვნული უშიშროების საბჭო მოქმედებს ზოგიერთ ქვეყანაში, საპარლამენტო მმართველობის პირობებშიც, არის ორად ორი გამონაკლისი, ეს არის ესტონეთი და ლატვია, სხვა შემთხვევაში უშიშროების საბჭო საპარლამენტო მმართველობის სისტემაში აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მთავრობა თავისი შინაარსით ანაცვლებს მას", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ დამოკიდებულება, რომ უშიშროების საბჭო საჭირო არ არის, მიამიტურია.

"ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაცა კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში და საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიული ოპერატიულის ნაწილში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო), რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომლებიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაში გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ, ამ მიამიტურ განცდებს, რომლებსაც არ ვიცი, რა საფუძველი გააჩნია, ძალიან ნათელი პასუხი გაეცა,"- თქვა პრეზიდენტმა. 

მოქმედი კონსტიტუციით და შესაბამისი ორგანული კანონით, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს:

  • საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას;
  • საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სამხედრო აღმშენებლობას და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციას;
  • საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების და სათანადო პირობების არსებობისას ზავის დადების საკითხებს;
  • ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს;
  • საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს კანონის ძალის მქონე დეკრეტების გამოცემის საკითხს;
  • სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების საკითხებს;
  • საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს;
  • საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ქვეყნის საზღვრების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს;
  • სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს;
  • სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის საკითხს.

კომენტარები