სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

პროკურატურა კვლავ არ ასახელებს, ვის მიმართ ჩატარდა სპეცოპერაცია

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ავრცელებს, თუმცა კვლავ არ ასახელებს იმ ადამიანების ვინაობას, ვის ასაყვანადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. 

უწყების ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ს.დ 3 თანამზრახველთან ერთად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ. 

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს.დ. ქ.თბილისში, 2017 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. დაკავებისას მას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა. ს.დ.-ს დაკავების შემდგომ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე - ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

ს.დ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით) და 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ვის მიმართაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ერთი მათგანის, ს.დ-ის სასამართლო პროცესი, სადაც მას აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდონ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 

კომენტარები