პატრიარქის მოსაყდრე

ვინ არის მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა, ილია მეორეს ქორესპისკოპოსია.

მიტროპოლიტი შიო 48 წლისაა.

დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. 

1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

1993 წელს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს მონაზვნად და უწოდეს სახელად შიო.

1995 წელს მონაზონი შიო დიაკვნად აკურთხეს.

1996 წელს პატრიარქმა აკურთხა მღვდლად.

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე გააგრძელა.

1998 წლის აპრილში მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება, ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 2010 წელს კი მიტროპოლიტი გახდა.

ტაბულას წყაროების ინფრომაციით, მეუფე მიტროპოლიტი მუჯირი არის საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და ლევან ვასაძის მეგობარი.

მეუფე შიო არის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტიც.

კომენტარები