ქონების გამოძალვა

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო და 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში ბრალდებულები გ.გ, გ.ო და ბ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის ნოემბერში, გ.გ, ბ.დ. და გ.ო. ქ.რუსთავში შეხვდნენ ჯ.მ.-ს, მიაყენეს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯ.მ.-ს 23 600 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულები სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ჯ.მ.-ს და მისგან თანხის დროულად მიტანას ითხოვდნენ." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა გ.გ, ბ.დ. და გ.ო. 2017 წლის 8 თებერვალს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

კომენტარები