კრიმინალი

ახალციხეში სამი პირი თურქულ ბარში ჩხუბის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ახალციხეში 1995 წელს დაბადებული გ.კ., 1984 წელს დაბადებული ი.ბ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ახალგაზრდები 9 ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში ერთ-ერთ თურქულ ბარში არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდნენ და იქ მყოფ საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების დროს თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს, ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციამ ისინი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩხუბისა და თურქეთის მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანების გამო კი, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო.

დაკავებული პირები სამართალდამცავებმა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.

კომენტარები