საკონსტიტუციო ცვლილებები

ჩუგოშვილი ოპოზიციაზე: გასცენ პასუხი, უნდათ საკონსტიტუციო ცვლილებები თუ არ უნდათ

ტაბულა

პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე ოპოზიციის უარი უკიდურესად არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. 

„ოპოზიციამ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი, მე არ მაქვს პასუხი გასაცემი, მათ აქვთ პასუხი გასაცემი - უნდათ ეს ცვლილებები თუ არ უნდათ. ერთადერთი კითხვა გვაქვს ჩვენ მათთან, თქვან უნდათ თუ არ უნდათ. მე ვფიქრობ, რომ მათ მხრიდან უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება არის და კიდევ ერთხელ თქვან უნდათ თუ არ უნდათ ცვლილებები და მერე გადაწყვიტონ ბოიკოტზე გადიან თუ არ გადიან. მე მგონი ამაზე კითხვებიც არ ჩნდება, პოზა არის და სრულიად უაზრო პოზაა, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო,“- განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საუბარია საკონსტიტუციო კომისიაზე, არამედ საორგანიზაციო კომისიაზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ორგანიზებას მოახდენს. 

„ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია, შეცდომას უშვებენ. ეს არის საორგანიზაციო კომისია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზებას გაუკეთებს საყოველთაო სახალხო განხილვებს. აქაც ფორმალური იქნება პრაქტიკულად იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი არის დასრულებული და ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ოთხი საკითხის გაფორმება, მიღება ახალი ინიცირების ფარგლებში, რომელზეც შედგა შეთანხმება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიას შორის,“ - ამბობს მდინარაძე. 

ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაში ჩართვაზე უარის შესახებ გუშინ განაცხადა. ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წევრების აზრით, ამ მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან მმართველი გუნდი შინაარსზე მსჯელობას არ გეგმავს. 

საქართველოს კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში კვლავ ცვლილებები შედის. იცვლება 4 პუნქტი: 2024 წლიდან გაუქმდება ე.წ ბონუსების სისტემა, 2020 წელს პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საშუალება, საარჩევნო ბლოკები შექმნან, ასევე ცვლილებები ეხება რელიგიის თავისუფლების მუხლსა და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლას. 

ამ საკითხებზე პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. კონსტიტუციის პროექტში ეს ჩანაწერები მიუღებელი იყო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, შენიშვნები ჰქონდა ვენეციის კომისიასაც, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი მოსაზრებები არ გაითვალისწინა, ახლა კი, სამი მოსმენით დამტკიცებულ და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ პროექტში კვლავ ცვლილებებს გეგმავს. 

კომენტარები