საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი: კონსტიტუციაზე ჩემს ხელმოუწერლობას ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ

facebook.com/PresidentMargvelashvili

"საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ხელმოუწერლობა იქნებოდა გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგევლაშვილმა ქართული ოცნების მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ, 19 ოქტომბერს კონსტიტუციის პროექტს ხელი მოაწერა, ეს კი მოხდა იმ ფონზე, რომ პარლამენტმა მისი მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა.

"ეს იქნებოდა გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ძალიან ნათელი მესიჯით, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, იმიტომ რომ კონსტიტუციაზე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა", - ამბობს მარგველაშვილი.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით დაძლია. 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხს ეხებოდა, ესენია:

  1. სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2020-ის ნაცვლად 2024 წლამდე გადავადება.
  2. პარტიების ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა.
  3. 5%-იანი საარჩევნო ბარიერი.
  4. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი.
  5. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება და მისი 300 ხმოსნისთვის გადაცემა.პრეზიდენტის შეფასებით ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება, რადგანაც ამ შემთხვევაში ქვეყნის პარლამენტი ორპალატიანი გახდება.
  6. პრეზიდენტს შენიშვნა აქვს რელიგიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერთანაც. პრეზიდენტის პროექტით, “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით".

პრეზიდენტის შენიშვნებს ოპოზიციაც იზიარებდა, თუმცა ქართულმა ოცნებამ ის არ გაითვალისწინა. 

კომენტარები