იტალია

რომში ტრევის შადრევნის დაზიანებისთვის იტალიელი აქტივისტი დააკავეს

Massimo Percossi/ANSA via AP

იტალიელმა აქტივისტმა და არტისტმა, გრაციანო კეჩინიმ, ტრევის შადრევანში წითელი საღებავი ჩაასხა. რომის პოლიციამ კეჩინი ვანდალიზმის ბრალდებით დააკავა, თუმცა კეჩინი ირწმუნება, რომ საღებავი ისეთ ქიმიურ მინაერთებს არ შეიცავს, რომელიც ღირსშესანიშნაობას დააზიანებს.

კეჩინიმ ტრევის შადრევანი წითლად უკვე მეორედ შეღება. პირველად, 2007 წელს, მან ამ გზით კინოფესტივალზე მაღალი ფასები გააპროტესტა. წელს არტისტის პროტესტი კვლავ კინოფესტივალის გახსნას დაემთხვა, თუმცა ამჯერად უფრო მასშტაბური გზავნილით.

„რომი მკვდარი არ არის. ის ცოცხალია და მზად არის, კვლავ გახდეს ხელოვნების, სიცოცხლისა და აღორძინების დედაქალაქი.“-განაცხადა კეჩინიმ.

2008 წელს, გრაციანო კეჩინიმ რომის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, ესპანური კიბეები, 5000 პლასტმასის ბურთით მორთო და პროტესტი იტალიელ პოლიტიკოსებს მიუძღვნა. აქტივისტის თქმით, ყოველი ბურთი პოლიტიკოსთა ტყუილის სიმბოლური განსხეულება იყო.

კომენტარები