პროფესორი თამაზ აქუბარდია, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს და სიმართლის დასაცავად ბრძოლას აპირებს.
აქუბარდია ფეისბუქზე წერს, რომ მასზე და მის ოჯახზე თავდასხმით სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის პარლამენტში გატანას ცდილობენ.
"როცა იცავ ღირსებას და ისეთ ფასეულობას როგორიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებაა, აუცილებელია ამას ასევე მაღალი მორალური ზნეობისა და ფასეულობების დახმარებით აკეთებდე და არა ბინძური პოლიტიკის მეშვეობით. არათუ ამორალური და უზნეო, არამედ ამაზრზენია მსგავსი ხერხების გამოყენება საკუთარი მიზნის ნებისმიერ ფასად მისაღწევად, ისე, როგორც ამას დღეს სჩადის "საზოგადოება", რომელიც 24 ოქტომბერს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის გატანას და პიარ კამპანიის წარმოებას ჩემზე და ჩემ ოჯახზე თავდასხმით ცდილობს. იმიტომ რომ ჩემი გვარი ყველას ეცნობა, იმიტომ რომ ათასობით ბავშვი თუ სტუდენტი მყავს გამოზრდილი და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარს პირადად ვიცნობ. დათესო ეჭვის მარცვალი მათ გულებში, დაემუქრო ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ - მათ შვილებს, ამით მიაღწევ მიზანს, დიახ. მაგრამ ნუთუ მიზნის ამგვარად მიღწევა ამართლებს ამ მიზანს, თუნდაც ის ერთი შეხედვით სწორ ფასეულობას ემსახურებოდეს? ამტკიცებ რომ დაიცავ ვიღაცის უფლებას ამ ახალი კანონით და ფეხქვეშ თელავ სხვის უფლებებს, სახეს, სახელს, მის ოჯახს, მის ნათესაობას. არაფრად აგდებ უდანაშაულობის პრეზუმციას, მორალს და უმაღლეს ფასეულობას - ადამიანს", - წერს აქუბარიდია.
მისივე თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები "ბინძური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ".
"სრულიად შეძრული ვარ იმ ცილისწამებით და ცილისმწამებლური კამპანიით რომელიც ჩემი სახელის ლაფში ამოსვრით, პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აღიძრა. ვერაფრით დავიძინე, არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ჩემი შვილებისთვის, ჩემი ძმისთვის, დისთვის, მათი შვილებისთვის, რომ ისინი ბინძური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ და რომ ჩემი სახელის ლაფში ამოსვრა, ეს პოლიტიკური თამაში მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი და თავდასხმა, რომელსაც ვერანაირ ეთიკურ თუ მორალურ ახსნას ვერ ვუძებნი, პირდაპირ აისახება მათზე და არღვევს ასევე მათ უფლებებს, მათ კი ამ საკითხთან სრულებით არაფერი აკავშირებთ, ისინი მხოლოდ ჩემ გვარს ატარებენ. ვინ იბრძოლებს მათი უფლებების დასაცავად? ვიბრძოდი და მუდამ ვიბრძოლებ თანასწორობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, რადგან ეს ის ფასეულობებია რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს და ბინძური პოლიტიკური თამაშები, ისეთი როგრიც გუშინ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, "სექსუალური შევიწროების" კანონპროეტის პარლამენტის ყურამდე მიტანის მიზნით აგორდა, ძირს უთხრის ამ ფასეულობების არსებობასაც კი. მარტივია შექმნა პრეცედენტი, ითამაშო ადამიანის ემოციაზე და გაიტანო ის, რაც გინდა ნებისმიერი საშუალებით. მაგრამ თუ უფლებებს იცავ და კანონზე საუბრობ, და ამ კანონის აღსრულებისთვის უდანაშაულო ადამიანს სწირავ მსხვერპლად, მაშ რით ხარ უკეთესი იმ "დემონებზე" რომლებსაც ებრძვი? მივესალმები და სრულიად ვემხრობი საკითხზე შსს-ს მიერ გამოძიების დაწყებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიბრძოლებ სიმართლის დასაცავად და ცილისწამების გასაქარწლებლად, ისევე როგორც მუდამ ვიბრძოდი ადამიანის უფლებების დასაცავად", - წერს აქუბარდია ფეისბუქზე.
კავშირ "საფარის" წარმომადგენელი, მარი კურტანიძე ყოფილ მასწავლებელს, თამაზ აქუბარდიას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მან ამის შესახებ გუშინ, 26 ოქტომბერს ღია წერილი გამოაქვეყნა.
"მათემატიკაში მამზადებდით აბიტურიენტობის დროს, მაშინ 15 წლის ვიყავი. კვირაში სამჯერ დადიოდით ჩემთან სახლში და კერძო გაკვეთილებს მიტარებდით. ჩემი სახელი და გვარი თუ არაფერს გეუბნებათ, ვეცდები, სხვანაირად გაგახსენოთ: "აბრეშუმივით კანი მაქვს". თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით. მას შემდეგ შემძულდა დახეული ჯინსი და აღარ ვიცვამ. თქვენი დაჟინებული თხოვნები არ აყოვნებდა: "რატომ არ გაცვია ჩემი საყვარელი შარვალი, გთხოვ, ჩაიცვი რა". წავსულვარ და გამომიცვლია რამდენჯერმე, ბევრჯერ! წესით, ისიც უნდა გახსოვდეთ, როგორ მემუქრებოდით: "ამ ამოცანას სწორად თუ არ ამოხსნი, ტუჩებში გაკოცებ". ერთხელ ამისრულეთ კიდეც დანაპირები: დამშვიდობებისას, ლოყაზე კოცნის მაგიერ ტუჩებში მაკოცეთ", - წერს კურტანიძე.
ცნობისთვის, თამაზ აქუბარდია საქართველო მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის ეკონომიკური მიმართულების ლექტორია კავკასიის უნივერსიტეტში.
მარი კურტანიძის განცხადებით დაინტერესდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.





