ბიუჯეტი 2018

მთავრობამ დაივიწყა 2014 წლის დოკუმენტი, რომლითაც ვალი მშპ-ს 40%-ს არ უნდა აჭარბებდეს

ტაბულა

2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ვალი 18 მილიარდი ლარი იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 44.8%-ია.

ეს კი მთავრობის მიერ 2014 წლის 17 ივნისს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ სტატეგიულ დოკუმენტ - "საქართველო 2020"-ით განსაზღვრულ მაჩვენებელს 4.8%-ით აღემატება.

2014 წელს მთავრობამ შეიმუშავა ქართული ოცნების ეკონომიკური სტრატეგია, რომელითაც ქვეყნის განვითარების ძირითად პარამეტრებია განსაზღვრული, თუმცა როგორც ირკვევა მთავრობამ ეს დოკუმენტი მალევე დაივიწყა. ის რომ ეს დოკუმენტი იურიდიულ ძალას ატარებს და მთავრობამ ის უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდანაც ჩანს.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით:

"საყურადღებოა, რომ წინა ორი წლის მსგავსად, წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში კვლავ გადააჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020“-ით დადგენილ 40%-იან ნიშნულს", - წერია ანგარიშში.

ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით:

  • 2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%
  • 2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%
  • 2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 31.7%
  • 2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%
  • 2017 - 15.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 43.4%
  • 2018 - 18.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.8%

2018 წლისთვის სახელმწიფო ვალის პორტფელის ზრდა გამოწვეულია, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის მოცულობის ზრდით, თუმცა, საგარეო ვალის ზრდის ეფექტი სახელმწიფო ვალის ნაზრდში გაცილებით დიდია. კერძოდ, იგი გაზრდილი მოცულობის 84%-ს შეადგენს. შესაბამისად, იზრდება საგარეო ვალის ნაშთი მთლიანი ვალის პორტფელში 0.7 პროცენტული პუნქტით და 78.3% წარმოადგენს. ამგვარად, სავალუტო რისკი წინა წლების მსგავსად ისევ რჩება სახელმწიფო ვალის პორტფელის მთავარ რისკ-ფაქტორად. სავალუტო კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც სახელმწიფო ვალის ნაშთზე, ასევე საბიუჯეტო წლის განმავლობაში საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების (ძირითადი თანხა+პროცენტი) სიდიდეზეც. 

 

კომენტარები