ბიუჯეტი 2018

ქუმსიშვილი: რეკომენდაცია, რომ ხელფასების ზრდა შეიზღუდოს IMF-თან ერთად შევიმუშავეთ

პრემიერი კვირიკაშვილი და ვიცეპრემიერი ქუმსიშვილი
facebook.com/pg/KvirikashviliOfficial

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მათ შორის ხელფასების ზრდა", - წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა განცხადებაში. ტაბულას კითხვაზე გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს მთავრობა IMF-ის რეკომენდაციას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული რეკომენდაცია ფონდმა საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავა და რომ მთავრობა ამ რეკომენდაციას "პირნათლად ასრულებს."

"რეკომენდაციები, რომელიც არის შემუშავებული სავალუტო ფონდის მიერ არის ერთობლივად შემუშავებული. ჩვენ ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც 2017 წლის ბიუჯეტი დავამტკიცეთ პარლამენტში მაშინ ავიღეთ ჩვენ ვალდებულება, რომ მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ხარჯებს შევამცირებდით და მინდა კონკრეტული ციფრები გაგაცნოთ. თუ 2016 წელს ჩვენ გვქონდა 25.8% მიმდინარე ხარჯები 2017 წელს აღნიშნული შემცირდა 24.4%-მდე, ხოლო 2018 წელს ეს რიცხვი შემცირდება 23.5%-მდე. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული გვაქვს რომ ეს მაჩვენებელი 2021 წელს 20.8%-მდე ჩამოვა. ჩვენ ამ გამოთავისუფლებულ თანხას კაპიტალურ ხარჯებზე მივმართავთ, სწორედ ეს არის ჩვენი ფისკალური რეფორმის მთავარი ნაწილი. 

ამ დანაპირებს, რომ მიმდინარე ხარჯები შემცირდებოდა ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. აქაც უნდა ავღნიშნო რომ ჩვენ წინა წელთან შედარებით მიმდინარე ხარჯებში 140 მილიონი ლარით ნაკლები გვაქვს დახარჯული, სადაც თითქმის 100 მილიონი ლარი არის მხოლოდ სახელფასო დანაზოგი", - ამბობს ქუმსიშვილი.

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ის გარკვეული რისკების ქვეშ მაინც იმყოფება, რის გამოც ფონდი ხელისუფლებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს:

"საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რისკები კვლავაც არსებობს. ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ძლიერდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა. გეგმის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებით გაჩნდა შესაძლებლობა დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი და მოხდეს დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება 2017 წელს. საბანკო სექტორი რჩება ლიკვიდური, მომგებიანი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე და განაგრძოს რეფორმები, რომლებიც მიმართულია ზრდის ხელისშემშლელი სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისკენ", - წერია ფონდის განცხადებაში.

კომენტარები