ბიუჯეტი 2018

ბაქრაძე: მთავრობამ ხარჯვა 1,417,000,000-ით უნდა შეამციროს და თანხა სოც. პროექტებზე მიმართოს

ტაბულა

პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტი წარადგინა, რომელშიც მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯებს 1,417,000,000 ლარით შეამცირებს დაზოგილი თანხა კი სოციალურ პროექტებზე, თავდაცვისუნარიანობის ზრდასა და გადასახადების შემცირებაში აისახება. რადგანაც პარტიის გეგმით, 1.5%-ით უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საწვავის აქციზის ღირებულებამ კი 25%-ით უნდა დაიწიოს.

პარტიის გათვლებით აღნიშნული პროექტები ასე გამოიყურება:

სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზრდება 727 მილიონი ლარით

  • 730 000 ასაკით პენსიონერისთვის პენსია 50 ლარით გაიზრდება - 440 მლნ ლარი
  • 225 000 დევნილისთვის შემწეობა 25 ლარით გაიზრდება - 68 მლნ ლარი
  • I და II ჯგუფის შშმ პირებისთვის პენსიის 50 ლარით ზრდა - 139 მლნ ლარი
  • სასკოლო ვაუჩერების დაფინანსება გაიზრდება 30 მილიონი ლარით, რითიც პედაგოგების ხელფასები გაიზრდება
  • აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული ოჯახების დახმარება - 50 მლნ ლარი

გადასახადები 2018 წელს 415 მილიონი ლარით შემცირდება, მომდევნო წლებში კი გადასახადების დონე კიდევ უფრო შემცირდება:

  • საშემოსავლო გადასახადი 1.5%-ით შემცირდება - რისი საბიუჯეტო ეფექტიც 245 მილიონი ლარი იქნება, რაც ბიუჯეტის ნაცვლად მოსახლეობის ჯიბეში დარჩება
  • 2020 წლამდე საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს 15%-მდე
  • ნავთობპროდუქტებზე აქციზი 25%-ით შემცირდება - რისი საბიუჯეტო ეფექტიც 120 მილიონი ლარი იქნება, რაც ბიუჯეტის ნაცვლად მოსახლეობისა და ბიზნესის ჯიბეში დარჩება
  • საწვავზე აქციზის გადასახადი 2019 წლიდან განახევრდება
  • მცირე ბიზნესისთვის (100 000 ლარამდე ბრუნვა) გადასახადები გაუქმდება - რისი საბიუჯეტო ეფექტიც 50 მილიონი ლარია.
  • 2019 წლიდან ყველა ბიზნესი, რომელსაც 200 000 ლარამდე ექნება ბრუნვა, გათავისუფლდება დღგ-ის გადასახადისგან

თავდაცვისა და შეიარაღების ხარჯები 275 მილიონით გაიზრდება

ჯამში ყველა ინიციატივის ღირებულება 1 417 000 000 ლარია.

რის ხარჯზე იზოგება აღნიშნული თანხები:

  • სამთავრობო სტრუქტურებში ბიუროკრატიის შეკვეცა - 54 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომია
  • სახელმწიფოს კუთვნილი სსიპ-ებისა და აიპ-ების საბიუჯეტო დაფინანსების 25%-ით შეკვეცა - 240 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომია
  • ფინანსური პოლიციის გაუქმება - 18.4 მილიონი ლარის ეკონომია
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 2017 წლის დონეზე დატოვება მისი ეფექტიანობის გაზრდა კორუფციის აღმოფხვრისა და გამჭვირვალე ტენდერების ჩატარების გზით - 557 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომია
  • არაეფექტიანი პროგრამების გაუქმება - 445 მილიონი ლარის ეკონომია
  • მთავრობის სარეზერვო ფონდის 2017 წლის დონეზე დატოვება - 10 მილიონი ლარის ეკონომია
  • სხვა ხარჯების შემცირება 26.2 მილიონი ლარის ეკონომია.

კომენტარები