საკონსტიტუციო ცვლილებები

პრემიერი: კონსტიტუციის ახალი რედაქციით ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები ძლიერდება

twitter.com

საქართველოს პრემიერმინისტრი მოქალაქეებს ახალი კონსტიტუციის მიღებას ულოცავს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე".

ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერმინისტრის განცხადებაში, რომელიც მან დღეს გაავრცელა.

"ეს არის თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, პროგრესის, სტაბილურობის და ევროპული მომავლის შემდგომ გარანტად. თითოეულმა ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღებას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და სტაბილურ განვითარებას", - აცხადებს კვირიკაშვილი.

პრემიერი მადლობას უხდის საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილე ყველა მხარეს, ასევე, ვენეციის კომისიას, "რომელმაც ჩვენთან ერთად დიდი შრომა გასწია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ფორმირებაში".

"ვენეციის კომისიამ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს ეფუძნება. 
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ძლიერდება ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს",- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერმინისტრი საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მათ უკეთეს ხვალინდელ დღეზე აისახება.

"მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მისწრაფებები და ღირებულებები ასახულია ქვეყნის მთავარ კანონში და დავარწმუნო ისინი, რომ ჩვენს მიერ დემოკრატიის განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ უკეთეს ხვალინდელ დღეზე აუცილებლად აისახება", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს 9 ოქტომბერს ვეტო დაადო, 13 ოქტომბერს კი პარლამენტმა ვეტო დაძლია და დოკუმენტის თავდაპირველი რედაქცია დაამტკიცა.

გიორგი მარგველაშვლის მოტივირებული შენიშვნები ბონუსის სისტემას და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვას ეხებოდა. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტისთვის მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმება ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში.

კომენტარები