ბიუჯეტი 2018

მთავრობა 2018 წელს ჯარიმებით 60 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს

ტაბულა

2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მთავრობა ჯარიმების დაწერით 60 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს. ეს იმდენივეა, რამდენის მობილიზებასაც მთავრობა წელს გეგმავს. ჯარიმები შედგება სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაკისრებული ჯარიმების და საურავებისგან. ჯარიმების გეგმა მხოლოდ საორიენტაციო ნიშნულია და არ წარმოადგენს რაიმე დაპირებას რომ მთავრობა ამ მოცულობის ჯარიმებს დაწერს.

რაც შეეხება სხვა გადასახადებს მთავრობა 9.47 მილიარდი ლარის მოცულობის გადასახადების აკრეფას გეგმავს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 650 მილიონი ლარით აღემატება. საგადასახადო გეგმა 2017 წლის მაჩვენებელს 7.3%-ით აღემატება.

ყველაზე მეტად, 611 მილიონი ლარით მთავრობა დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გეგმას ზრდის.

  • დღგ - 3.39 მილიარდი ლარი, ზრდა 16.1%
  • საშემოსავლო გადასახადი - 2.78 მილიარდი ლარი, ზრდა 8.1%
  • აქციზის გადასახადი - 1.45 მილიარდი ლარი, კლება 11%
  • მოგების გადასახადი - 630 მილიონი ლარი, კლება 8%
  • იმპორტის გადასახადი - 60 მილიონი ლარი, კლება 16%
  • სხვა გადასახადები (კაზინოების ლიცენზიები და სხვა) - 160 მილიონი ლარი, ზრდა 83%

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს ის 12.3 მილიარდი ლარითაა განსაზღვრული, რაც წინა წელთან შედარებით 8.3%-ით მეტია. (საგადასახადო შემოსავლებსა და მთლიან ბიუჯეტს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით რომ ბიუჯეტი გადასახადებთან ერთად სხვა წყაროებიდანაც ფინანსდება, ესენია გრანტები, საგარეო სესხები, შიდა ვალი პრივატიზაცია და სხვა). 2018 წელს 3.3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტია დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ ნასესხები კაპიტალი ბიუჯეტის 3.3%-ის დონეზე იქნება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 112 მილიონით აღემატება. 3.5 მილიარდი ლარი არის რეკორდული მოცულობის თანხა, რაც საქართველოს რომელიმე სამინისტროს წლის განმავლობაში დაუხარჯავს. მეტიც, ის ნომინალურად 2005 წელს არსებულ მთელ საქართველოს ბიუჯეტს აღემატება, რაც მაშინ 2.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. 

2018 წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტად, 572 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება და ის 1.83 მილიარდ ლარს აღწევს. აღნიშნული ზრდა ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება, რომელზეც 2018 წელს 0.8 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. 

ბიუჯეტის პროექტით ყველაზე მეტად 117 მილიონი ლარით ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება. 2018 წლისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 253 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, აღნიშნული შემცირება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვის დასრულებას უკავშირდება. 2017 წელს სამინისტრომ ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიები გამოისყიდა და ის ანაკლიის კონსორციუმს გადასცა.

46 მილიონი ლარით, 702 მილიონ ლარამდე მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ამ შემცირების შედეგად თავდაცვის წილი მთლიან ბიუჯეტში 5.6%-მდე შემცირდა, რაც გასული 14 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია.

კომენტარები