თბილისის საკრებულო

არჩევნებამდე 19 დღით ადრე, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა

თეორემა/ტაბულა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 19 დღით ადრე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა. თბილისის მერობის კანდიდატი მიზეზად საკრებულოში 29 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებას ასახელებს. 

“ეს არის ამ შენობაში ჩემი ბოლო პრესკონფერენცია. მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. მე მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში განვითარებული მოვლენების გამო, შეუძლებელია აქ, სამსახურში სიარული, სხდომებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობა, ეს არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი" - თქვა ელისაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო "ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო".

"დაჩქარებულად, ფაცი-ფუცით, ყოველგვარი განხილვის, მსჯელობის, არგუმენტების გარეშე, თბილისის საკრებულომ ერთ ადამიანს დაურტყა ყველაფერზე ბეჭედი და მისცა ყველაფრის ნება. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამას დაერთო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ამაზრზენი საქციელი, როდესაც მან პოლიციური რაზმები გამოიძახა, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე განსხვავებული მოსაზრების მქონე ოპონენტებისათვის ტრიბუნა დაეთმო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ორი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს განიხილავდა, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომათა დარბაზიდან ევროპული საქართველოს და ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატები ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი გამოაძევეს, ასევე, რამდენიმე გარემოს დამცველი.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამ დროს, სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა და საკრებულოს უმრავლესობასთან დაპირისპირებაში არ ჩართულა, რის გამოც, პარტიზანმა მებაღემ ნატა ფერაძემ გააკრიტიკა. Facebook-ზე გაშვებულ Live-ში ნატა ფერაძემ ელისაშვილი უცენზუროდ მოიხსენია, ტაბულასთან საუბრისას კი, ნატა ფერაძემ განმარტა, რომ მისი ამ სიტყვების მიზეზი ყოფილი თანამებრძოლის დამოკიდებულება გახდა მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას მიმართ. ფერაძის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო, როცა ალეკო ელისაშვილმა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატს მხარი არ დაუჭირა და შეახსენა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრია, მისი ქმარი კი - m2-ის თანამშრომელი.

ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს სხდომა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციის მერობის კანდიდატები მანდატურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სხდომა გაგრძელდა. მოგვიანებით, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განმარტა, რომ "დღეს არ იყო ჩემი საჩხუბარი, პოლიტიკურ ოპონენტებს საკრებულოში უნდოდათ თავი გამოეჩინათ, შემოეღწიათ დარბაზში, სიტყვა ეთქვათ მიკროფონთან და მე ვიჯექი იმ საკრებულოში და რაზე უნდა მეჩხუბა? სხდომის ჩაშლა მეც მინდოდა, მაგრამ იქ არ იყო ჩემი საჩხუბარი".

აქვე შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტისა, თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას.

კომენტარები