დაპირისპირება კუმურდოში

კუმურდოში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

კუმურდოში გუშინ მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის. ამის შესახებ განცხადება დღეს თავად უჩა ნანუაშვილმა გააკეთა. ომბუდსმენი იმითაც დაინტერესდება, თუ რამდენად იყო პროცესში უფლებები დაცული.   

"ჩვენ ვაპირებთ აღნიშნული საქმის შესწავლას, მათ შორის ამ პროცესში რამდენად იყო დაცული უფლებები, აქედან გამომდინარე, ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ ზოგადად განცხადებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ სრული სურათი არც გვაქვს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, იყო შეხლა-შემოხლა, დაზიანდა რამდენიმე პოლიციელის ავტომობილი, აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალში გავერკვეთ და შესაბამისი განცხადება გავაკეთოთ ამის შემდეგ." - თქვა უჩა ნანუაშვილმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.

კომენტარები