დაპირისპირება კუმურდოში

შსს: კუმურდოში დაშავდნენ პოლიციელები, დაზიანდა შსს-ს რამდენიმე ავტომანქანა

კუმურდოს კათედრალი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.

"შექმნილი ვითარებიდან უმოკლეს დროში ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ დროისთვის, სიტუაცია სოფელ კუმურდოში განმუხტულია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კუმურდოს ტაძრის რესტავრაცია მეორე წელია მიმდინარეობს. რესტავრაციის დროს ტაძრის ეზოში სხვადასხვა სამარხი იპოვნეს. მოსახლეობის მოთხოვნით ძვლები შეაგროვეს და ტაძრის ეზოშივე, სხვა ადგილას გადამარხეს. მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ნეშტი მათ წინაპრებს ეკუთვნით და საფლავზე ჯვარი უნდა აღმართონ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებსა და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. მოსახლეობა პრეტენზიას გამოხატავდა, რომ სამუშაოების დროს ნაპოვნი ადამიანების ძვლები მზეზე იყო მიმოფანტული. მაშინ შეთანხმება ძვლების შეგროვებაზე შედგა.

კომენტარები