დაპირისპირება კუმურდოში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კუმურდოში ძეგლის რესტავრაცია გაგრძელდება

http://iverioni.com.ge

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კუმურდოში ძეგლის რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება. ნიკოლოზ ანთიძის თქმით საკითხი მოგვარებულია. ამის შესახებ, მან ინტერპერესნიუსს განუცხადა. ანთიძე ფიქრობს, რომ გუშინ კუმურდოში მომხდარი ფაქტი რამდენიმე ადამიანის მხრიდან პროვოკაციული ღონისძიება იყო.

”2016 წლიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლის რესტავრაცია, რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, ვფიქრობ, ეს იყო ნაწილობრივ პროვოკაციული ღონისძიება რამდენიმე ადამიანის მხრიდან. რომელიც ემსახურებოდა გაურკვეველი დისონანსის შეტანას მიმდინარე პროცესებში. შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე იმყოფებოდა. საკითხი მოგვარებულია. რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება და ვფიქრობ, შემდგომში მსგავსი ინციდენტები აღარ იქნება”, - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.

კუმურდოს ტაძრის რესტავრაცია მეორე წელია მიმდინარეობს. რესტავრაციის დროს ტაძრის ეზოში სხვადასხვა სამარხი იპოვნეს. მოსახლეობის მოთხოვნით ძვლები შეაგროვეს და ტაძრის ეზოშივე, სხვა ადგილას გადამარხეს. მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ნეშტი მათ წინაპრებს ეკუთვნით და საფლავზე ჯვარი უნდა აღმართონ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებსა და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. მოსახლეობა პრეტენზიას გამოხატავდა, რომ სამუშაოების დროს ნაპოვნი ადამიანების ძვლები მზეზე იყო მიმოფანტული. მაშინ შეთანხმება ძვლების შეგროვებაზე შედგა.

კომენტარები