დაპირისპირება კუმურდოში

დაპირისპირება სოფელ კუმურდოში - არიან დაშავებულები

დაპირისპირება კუმურდოში

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაიძაბა. დაშავებულია პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი.

ადგილობრივი სააგენტოს, jnews-ის ცნობით, X საუკუნის კუმურდოს ტაძრის ეზოში, რომლის სარესტავრაციო სამუშაოებსაც ძეგლთა დაცვის სააგენტო აწარმოებს, მოსახლეობამ ხაჩკარის - იგივე ქვაჯვრის აღმართვა სცადა, რისი უფლებაც მათ დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს. სოფელში სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

კუმურდოს ტაძრის რესტავრაცია მეორე წელია მიმდინარეობს. რესტავრაციის დროს ტაძრის ეზოში სხვადასხვა სამარხი იპოვნეს. მოსახლეობის მოთხოვნით ძვლები შეაგროვეს და ტაძრის ეზოშივე, სხვა ადგილას გადამარხეს. მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ნეშტი მათ წინაპრებს ეკუთვნით და საფლავზე ჯვარი უნდა აღმართონ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებსა და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. მოსახლეობა პრეტენზიას გამოხატავდა, რომ სამუშაოების დროს ნაპოვნი ადამიანების ძვლები მზეზე იყო მიმოფანტული. მაშინ შეთანხმება ძვლების შეგროვებაზე შედგა.

ამ დროისთვის კუმურდოში სიტუაცია სტაბილურია. მოსახლეობა ჯვრის აღმართვას კვლავაც გეგმავს.

კომენტარები