თბილისის საკრებულო

საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას: გაძლევთ 10 წუთს, გამოვიძახებ პატრულს

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ან სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემენ, პატრულს გამოიძახებს.

"გაძლევთ ათ წუთს, დატოვეთ დარბაზი, ვისაც არ შეგიძლიათ თავის შეკავება. თუ არ მოგწონთ - არის სასამართლო. იძულებულს მხდით, გამოვიძახო პატრული" - მიმართა ალიბეგაშვილმა ოპოზიციას.

თბილისის საკრებულოში ამ დრომდე ხმაურია. ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვს, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარე უარს ამბობს. ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმით, საკითხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ნაკვეთის გადაცემას ითვალისწინებს, მოუმზადებელია და ნაჩქარევად აქვთ სხდომაზე შეტანილი. 

ოპოზიციის პროტესტი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას უკავშირდება. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

კომენტარები