პანორამა თბილისი

ხოშტარია საკრებულოს: ქალაქს აპარტახებთ, მერამდენე ნაკვეთს აძლევთ ივანიშვილს

რუსთავი 2

"ეს ქალაქის გაპარტახებაა, არ გიშველით ეს სულელური ლაპარაკი, ადამიანებს ესაუბრეთ, მერამდენე მიწის ნაკვეთს გადასცემთ ივანიშვილს", - საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს ელენე ხოშტარია.

საკრებულოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დღეს ხმაური იყო, რაც პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას უკავშირდებოდა. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილება ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტის" მოთხოვნას უკავშირდება. კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ამ მიწის ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. 

ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს. 

საკრებულოს ოპოზიცია ივანიშვილისთვის ამ ტერიტორიების გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საკრებულოს უმრავლესობა კი ივანიშვილის კომპანიისთვის ტერიტორიის გადაცემის მომხრეა, რადგანაც საინვესტიციო ვალდებულებით კომპანია ტერიტორიაზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

დღეს 14:00-ზე საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც უნდა გადაწყდეს შეიცვლება თუ არა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ზონალური სტატუსი. სტატუსის ცვლილების შემდეგ ივანიშვილის კომპანიას ამ ტერიტორიის შესყიდვა შეეძლება.

თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ნაკვეთი 2016 წლის მაისში აუქციონზე 6.3 მილიონ ლარად გაყიდა. ტერიტორიაზე ივანიშვილის ოფშორული კომპანია გოლფ კლუბსა და სასტუმროს აშენებს. პროექტი "პანორამა თბილისის" ნაწილია. 

კომენტარები