საქართველო-გერმანია

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ "ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის".

"შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე. 

ლიდერებმა ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით ქვეყნის როლზე რეგიონში. ასევე - საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის მტკიცე დახმარების მისიაში. გერმანია მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი სამხედროების როლს აღნიშნულ მისიაში" - აცხადებს საქართველოს მთავრობა და აღნიშნავს, რომ შეხვედრისას ასევე განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა.

"ხაზი გაესვა საქართველოს ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და აქტიური შერიგების პოლიტიკისკენ. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები