საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით III მოსმენისას არაფერი შეიცვლება

პარლამენტი

ირაკლი კობახიძე რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების განცხადებას გამოეხმაურა.

„რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით მესამე მოსმენის პროცესში არაფერი არ შეიცვლება. მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შეიძლება შევიდეს, შესაბამისად, შინაარსს ვერ შევეხებით. რაც შეეხება ჩარევის საფუძვლების დაკონკრეტებას, ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები და ეს გაკეთდა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ამოცანა. აქ საუბარია ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას. კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თუ ერთ მხარეს დგას სახელმწიფო უსაფრთხოება და მეორე მხარეს დგას რწმენის ინდივიდუალური თავისუფლება, უპირატესობა უპირობოდ უნდა მიენიჭოს რწმენის თავისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ. ეს შეიძლება გახდეს შემდეგი კანონპროექტის ერთ-ერთი მსჯელობის საგანი, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ორგანიზაციებთან და ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა მივანიჭოთ რწმენის თავისუფლებას კონკრეტულ შემთხვევებში, მაშინ შეგვიძლია, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ავსახოთ კონსტიტუციაში. თუმცა, ეს უნდა დაგვისაბუთონ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც პარლამენტს მოუწოდეს, რომ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების გაუმართლებებლი საფუძვლებით შეზღუდვა. 

კომენტარები