საკონსტიტუციო ცვლილებები

ენმ იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დაადებს

idfi.ge

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებს. პარტიის წევრებს ასევე იმედი აქვთ, რომ ცვლილებების პროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. 

"ხვალ მესამე მოსმენით წერტილ-მძიმის საკითხები იხილება და იმასაც კი არ შეცვლიან. ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდათ თავიდანვე. გაუტკბათ ხელისუფლებაში ყოფნა და არ ეთმობათ. ყველაფერს ისე აწყობენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს ეს არაფორმალური და არაეფექტიანი მმართველობა - საქმეს მაინც აკეთებდნენ. ერთი მოკლე ველობილიკი გააკეთეს პეკინზე და ისიც კი ვერ გათვალეს, რომ მაღაზიებს და იქ მცხოვრებლებს ნაგავი სადღაც უნდა გადაეყარათ, ქუჩის მეორე მხარეს უწევთ გადასვლა. პეკინის ველობილიკი ამ ხელისუფლების სიმბოლოა: გზა არსაით. კონსტიტუციიდან ძალიან შორს მდგარ საკითხზე ვყვები, მაგრამ მაინც ლოგიკური მგონია: არაკომპეტენტურობა, კორუფცია, ხელისუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნება, ესაა ამ ხელისუფლების სახე, რომელიც საარჩევნო და სხვა კანონებში ცვლილებების სახით მოხდა. მოსმენების შესახებ კანონი როგორ მიიღეს, ესეც გვახსოვს. ახლა ყველაზე დიდი კანონი მოიგდეს ფეხქვეშ. გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს: პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, შენიშვნების გათვალისწინება უმრავლესობის მხრიდან, იმ შენიშვნებისა, რომელსაც მხარს უჭერს ყველა პარტია და არასამთავრობო სექტორი და რომელშიც ასახულია ვენეციის კომისიის შენიშვნებიც", - თქვა გოცირიძემ. 

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრას 26 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მარგველაშვილი რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს, პარლამენტი მაინც შეიკრიბება, რადგან რეგლამენტით ამის უფლება აქვს.

"ჩვენ დღეს უკვე ვიწყებთ საკომიტეტო განხილვას მესამე მოსმენით. ხვალ არის დაგეგმილი სესია - თუ პრეზიდენტის მიერ არ იქნება მოწვეული, პარლამენტს აქვს ეს უფლებამოსილება. გვინდა, რომ დაცული იყოს ყველა პროცედურა. სამთვიანი ვადა დაცულია, ამავე დროს ჩვენ ველოდებოდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დასკვნა არის დადებითი. ასე რომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია, კონსტიტუციური რეფორმის მესამე, ფინალური ეტაპი ჩავატაროთ. მზად ვართ, რომ ამ ფორმატში რა ცვლილებებიც იქნება განსახორციელებელი - რედაქციული, ტექნიკური და ტექსტური თვალსაზრისით, ვიმუშაოთ დღეს და ხვალ, რომ კონსტიტუციური რეფორმა და ცვლილებების მიღება დასრულდეს, თუმცა შემდეგ შესაძლებელია, ჩვენ გავაგრძელოთ დისკუსიები უკვე სხვა საკითხებზე",- ამბობს ბესელია.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ქართული ოცნების გარდა, საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართული ყველა მხარე: პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. გიორგი მარგველაშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესის გაუქმებაც: კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, 2023 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა და ოპოზიციამ მმართველ გუნდს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ერთობლივი შენიშვნები მმართველ გუნდსაც გადაუგზავნა.  

კომენტარები