ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ეკონომიკური კრიზისის შედეგად გამოწვეული საკვების ნაკლებობის დასაძლევად ახალი გეგმა შეიმუშავა. ე.წ. "კურდღლების გეგმა" გულისხმობს კურდღლების მომრავლებას და მათ საკვებად გამოყენებას. პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა გაამრავლონ კურდღლები და პროტიენის წყაროდ გამოიყენონ. მადურომ იდეა ტელევიზიის ეთერში გააჟღერა და თქვა, რომ გეგმა გაამართლებდა, რადგან "კურდღლები კურდღლებივით მრავლდებიან" თუმცა აღიარა, რომ სტარტი არც ისე კარგი ჰქონდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ფრედი ბერნალის თქმით ამის მიზეზი "კულტურული პრობლემაა."
მადუროს თქმით ბაჭიები 15 თემში დაარიგეს საპილოტო პროექტის ფარგლებში.
"როდესაც (მადურო) დაბრუნდა მისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ ხალხმა ბაჭიებს პატარა ბაფთები გაუკეთა და როგორც შინაურ ცხოველებს ისე უვლიდნენ." თქვა ბერნალმა.
მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა შეხედონ კურდღლებს "ეკონომიკური ომის" პერსპექტივიდან. მისი თქმით უნდა ჩატარდეს კამპანია რომელიც მოიცავს რადიოს, ტელევიზიას, გაზეთებს და ანიმაციებს, რათა ხალხმა კურდღლები შინაური ცხოველების ნაცვლად ორ-ნახევარ კილო ხორცად აღიქვას. ოპოზიციამ პრეზიდენტის იდეას "ცუდი ხუმრობა" უწოდა.
ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.
ვენესუელურმა ბოლივარმა 2016 წელს 800%-იანი ინფლაცია განიცადა, 2017 წლის პროგნოზი კი დაახლოებით 1600%-ია. ვენესუელაში უკვე წლებია მთელ რიგ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, ხორცი, კვერცხი, დეფიციტი შეინიშნება. სამომხმარებლო საქონლის დეფიციტის მიზეზი საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ბარიერებია, რომელთა გამოც ქვეყნის კერძო სექტორი ბაზარს სათანადო რაოდენობის პროდუქციით ვერ ამარაგებს.





