Game of thrones

სანსა სტარკის სიტყვები GOT-ის ტრეილერიდან შესაძლოა სეზონის დასასრულს ამხელდეს

Game of Thrones-ის მე-7 სეზონისთვის HBO-ს ერთ-ერთი ტრეილერი შესაძლოა, ზოგს დაავიწყდა, თუმცა, შოუს ერთგულ ფანებს ის კვლავ ახსოვთ და მასზე დაყრდნობით არაერთი თეორია შეიქმნა.

ამ ტრეილერის საკვანძო მომენტში სანსა სტარკი შემდეგ ციტატას ამბობს: "როცა თოვს და თეთრი ქარი ქრის, მარტოხელა მგელი კვდება, მაგრამ ხროვა გადარჩება."

ვინაიდან მგლები სტარკებთან ასოცირდებიან, ჩნდება კითხვა - რომელიმე სტარკი ხომ არ კვდება? სავარაუდოდ, ეს სანსა არაა, რადგან თავად ამბობს ამ სიტყვებს. არია ნამდვილად მარტოხელა მგელია. იქნებ ჯონი? მას ნამდვილად აქვს მიდრეკილება სიკვდილისკენ. თუმცა, შესაძლოა ეს სიტყვები სრულიად სხვა რამეს ნიშნავს. მანამდე, დიდი ხნის წინ, ეს სიტყვები ნედ სტარკმა უთხრა არიას და დაამატა, რომ ჩხუბისა და კინკლაობისთვის ზაფხული არსებობს, ზამთარში კი უნდა გაერთიანდნენ, ერთმანეთი გაათბონ და ძალები გააერთიანონ. ნედმა ეს არიას სანსასთან ჩხუბის შემდეგ უთხრა.

როგორც ჩანს, სხვა დროს ეს სიტყვები სანსასაც მოუსმენია მამისგან.

ვინაიდან მე-7 სეზონში სანსას ეს სიტყვები ჯერ არ უთქვამს, ამას ფინალურ სერიაში უნდა ველოდეთ. სტარკები ამ სეზონში განსაკუთრებით დაყოფილები იყვნენ, სანსა და არია - დაპირისპირებული. სხვასხვა თეორიის ავტორებს სჯერათ, რომ ეს დაპირისპირება სინამდვილეში მოჩვენებითია და შოუს ერთ-ერთი მთავარი გმირის - ლითლფინგერის - სიკვდილს მოასწავებს. თეორიის ავტორებს სჯერათ, რომ არია მოჩვენებითად უპირისპირდება დას და სანსას თავის გეგმებს არ უმხელს ისევე, როგორც ნედი არ უმხელდა კეტლინს ჯონ სნოუს შესახებ, რათა მისი თამაში დამაჯერებელი იყოს.

სხვადასხვა თეორიის ავტორები იმასაც უშვებენ, რომ ბოლოს არია სანსას სიმართლეს გაუმხელს და ლითლფინგერს არა თავად, არამედ სწორედ სანსა კლავს.

მოხდება თუ არა ასე, მალე ვნახავთ. უდავოა, რომ ამით მათ, ვისაც სჯერა, რომ შოუში ყველა დიდი გეგმის უკან ლითლფინგერი და ვარისი დგანან, ხელიდან ერთ-ერთი მთავარი გამოეცლებათ.

კომენტარები