ვირჯინიაში, ფორტ მეიერში სამხედროებთან შეხვედრისას აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღენეთში ამერიკის სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, თანამდებობაზე მოსვლისას ის თავდაპირველად ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე ფიქრობდა. ტრამპის თქმით, ავღანეთიდან ნაჩქარევი გამოსვლა ტერორისტებისთვის სასარგებლო ვაკუუმს შექმნიდა ამიტომაც მან სამშვიდობო მისიის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპის განცხადებით ამერიკა შეეცდება თავიდან აირიდოს ერაყში დაშვებული შეცდომები, თუმცა პრეზიდენტს გამოსვლაში კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.
ტრამპმა დაასახელა სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა გააგრძელოს აშშ-მა ავღანეთში ყოფნა და ქაბულის მთავრობის მხარდამხარ თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლა. მისი განცხადებით ამერიკამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს ავღანეთში დაღუპული ამერიკელი სამხედროებისათვის პატივის მისაგებად, ავღანეთის ტერორისტების თავშესაფრად გადაქცევის შესაჩერებლად და სამხრეთ აზიის რეგიონის დასასტაბილურებლად.
"სწრაფი გამოსვლის შედეგები პროგნოზირებადი და მიუღებელია. ეს გამოიწვევს ტერორისტებისათვის ვაკუუმის შექმნას - მათ შორის ისლამური სახელმწიფოს და ალ-ქაედასთვის - რომელსაც ისინი მაშინვე შეავსებენ, ზუსტადდ ისე, როგორც ეს 11 სექტემბრამდე მოხდა" - განაცხადა ტრამპმა.
მისი განცხადებით ახალი მიდგომა ორიენტირებული იქნება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და დასძინა, რომ ის არ აპირებს საბოლოო ვადების დაწესებას, თუმცა მისივე განცხადებით "ამერიკა იმუშავებს ავღანეთის მთავრობასთან თუ მათი მხრიდან დავინახავთ პროგრესს და ვალდებულებების შესრულებას."
პრეზიდენტმა უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა რამდენი სამხედროთი აპირებს ავღანეთში ამერიკული ძალების გაზრდას და არც ქვეყნიდან ამერიკის ძალების გამოსვლის საბოლოო ვადა დაუსახელებია.
ამჟამად ავღანეთში 8,400-მდე ამერიკელი სამხედროა და დამატებითი კონტინგენტი სავარაუდოდ ორ როლს შეასრულებს: ანტი-ტერორისტულ მისიებში მონაწილეობა და ავღანელი სამხედროების გაწვრთნა.
ტრამპმა აგრეთვე სკეპტიციზმი გამოხატა თალიბანთან მოლაპარაკებების თაობაზე და განაცხადა რომ "ერთ დღეს, ეფექტური სამხედრო ძალისხმევის შემდეგ, იქნებ შესაძლებელი გახდეს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა რომელიც მოიცავს ავღანეთში არსებულ თალიბანის ელემენტებს, თუმცა არავინ იცის ეს მოხდება თუ არა და როდის"
ტრამპმა ასევე დააანონსა ალ-ქაედას და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.
გარდა ამისა ტრამპა ისაუბრა ავღანეთის მეზობელი ქვეყნების შესახებაც. მისი განცხადებით ამერიკა ვეღარ იქნება ტოლერანტული პაკისტანში ექსტრემისტებისათვის თავშესაფრების თაობაზე.
"ჩვენ ვუხდით პაკისტანს მილიარდობით დოლარს იმ დროს, როდესაც ისინი იფარებენ იმ ტერორისტებს, ვისაც ვებრძვით. ეს სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს"- განაცხადა პრეზიდენტმა. პაკისტანის მხარემ უარყო მისი ეს ბრალდება.
ტრამპმა ასევე მოუწოდა მის მოკავშირეებს, რომელთა შორისაც გამოჰყო ინდოეთი, რომ მხარი დაუჭირონ მის ახალ სტრატეგიას და გაზარდონ მათი წვლილი ავღანეთის განვითარებაში.
ახალი სტრატეგიის საერთაშორისო რეაქცია
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დადებითად შეაფასა ტრამპის ახალი სტრატეგია და განაცხადა, რომ "ამერიკისა და ავღანეთის პარტნიორობა ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე." მისივე თქმით ახალი სტრატეგია გააძლიერებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნას.
ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თვითერზე განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ამერიკის ახალ სტრატეგიას და მას "მშვიდობის და ავღანეთის ნაციონალური ინტერესების“ საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.
თალიბანის წარმომდგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით ტრამპის სტრატეგიაში "არაფერია ახალი“. მან ამერიკას მოუწოდა ომის გაგრძელების ნაცვლად იფიქროს გასვლის სტრატეგიაზე. მისი თქმით ავღანეთი ამერიკისათვის "ახალ სასაფლაოდ" იქცევა, თუ ისინი ჯარებს არ გაიყვანენ.
ამერიკის საბრძოლო ოპერაციები თალიბანის წინააღმდეგ ოფიციალურად 2014 წელს დასრულდა, თუმცა დღემდე 8,000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დახმარებას უწევს ავღანეთის ჯარებს. ავღანეთის მთავრობა აგრძელებს ამბოხებულებთან ბრძოლად და ამჟამად მხოლოდ ქვეყნის ნახევარს აკონტროლებს.
“ჩვენ გვსურს, რომ მათ წარმატებს მიაღწიონ, თუმცა ჩვენ აღარ გამოვიყენებთ ამერიკის სამხედრო ძლიერებას შორეულ ქვეყნებში დემოკრატიების ასაშენებლად... ეს დღეები უკვე დასრულდა.“ -თქვა ტრამპმა.





