ტოლერანტობა

ხობის სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობაზე კლიპი, სავარაუდოდ, ბულინგის გამო წაშალეს

ხობის N2 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა თანასწორობის და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ვიდეოკლიპი გადაიღეს. ვიდეოში მეათეკლასელი მოსწავლეები თავისუფლებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ "ჩემი თავისუფლებაა, ვიყო მე, თამამად ვაკეთო ის, რაც მინდა, მეცვას ის, რაც მომწონს, მიყვარდეს ის, ვინც მიყვარს, არ მრცხვენოდეს იმის, რომ მიყვარს". მოსწავლეები ასევე აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი სახის სიყვარული სიყვარულია.

"ჩემი უფლებაა, ვიყო შავკანიანი და არ მერჩოდნენ ამის გამო, არ მარიდებდნენ თავს ამის გამო, მწამდეს ალაჰი და არ მერჩოდნენ ამის გამო, მწამდეს იესოსი და არ მერჩოდნენ ამის გამო, მწამდეს იმის, რისიც მწამს" - ამბობენ ხობის N2 სკოლის უფროსკლასელები. 

ტოლერანტობის შესახებ ვიდეო facebook-ში ფაშისტურმა გვერდმა გაიზიარა და მოსწავლეები "პედოფილიაში" დაადანაშაულა. მასალა გაზეთმა ასავალ-დასავალმაც მოამზადა, კლიპში მონაწილე ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა და განათლების მინისტრისგან სკოლის დირექტორის ნანა ქვარაიას გადაყენება მოითხოვა.

ამ დროისთვის, კლიპი აღარ იძებნება. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა ვიდეო ბულინგის და უარყოფითი გამოხმაურებების გამო წაშალეს. ტაბულა ცდილობს, დაუკავშირდეს სკოლის დირექტორს და კლიპის მონაწილეებს კითხვით - რატომ წაშალეს ვიდეო და ჰქონდა თუ არა მათზე ადგილი ზეწოლას.

კომენტარები