ტოლერანტობა

ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში

სახალხო დამცველმა ტოლერანტობის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ტოლერანტობის დღე ყოველ წელს 16 ნოემბერს აღინიშნება, თბილისში, ცოტა  დაგვიანებით,  24 ნოემბერს  გამოეხმაურნენ თარიღს, რომელიც ადამიანებს  კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემას, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობას შეახსენებს. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო.

თბილისში  შემდგარ  ღონისძიებაზე  სახალხო დამცველმა მიმოიხილა 2011 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებული მიღწევები და პრობლემები და დაასახელა ჟურნალისტური კონკურსის "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" გამარჯვებულები:  პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლელა დუმბაძე (გაზეთი „ბათუმელები“) – სტატია „რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი“; მეორე ადგილი წილად ხვდა ლევან სუთიძეს („ტაბულა“) – სტატია „ნახევარმთვარის მოტაცება“, ხოლო  მესამე ადგილის მფლობელი გახდნენ  –  სალომე უგულავა და ლევან სუთიძე („ტაბულა“) – სტატია “დეპორტირებული მესხები: “ფერგანამდე და უკან”.

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა დააჯილდოვეს "ტოლერანტობის ქომაგები" - პირები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეიტანეს წვლილი.

კომენტარები