საქსტატმა დღეს 2016 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანაში გასულ წელს უცხოური ინვესტიციების სახით $1.56 მილიარდი შემოვიდა, რაც 2015 წელთან შედარებით 0.1%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი საქსტატის მიერ 10 მარტს გავრცელებულ ინვესტიციების წინასწარ შეფასებაზე 4.8%-ით ნაკლებია.
ანგარიშის მიხედვით საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი - $558 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1.5%
- თურქეთი - $203 მილიონი, ზრდა წინა წელთან 182%
- დიდი ბრიტანეთი - $118 მილიონი, კლება წინა წელთან 70%
- ნიდერლანდები - $97 მილიონი, კლება წინა წელთან 39%
- ლუქსემბურგი - $88 მილიონი, კლება წინა წელთან 25.5%
- პანამა - $75 მილიონი, ზრდა წინა წელთან 680%
- ჩეხეთი - $64 მილიონი, ზრდა წინა წელთან 447%
- აშშ - $53 მილიონი, ზრდა წინა წელთან 150%
- ვირჯინიის კუნძულები - $44 მილიონი, ზრდა წინა წელთან 83%
- დანარჩენი ქვეყნები - $262 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ორი ოფშორული ზონაც (პანამა და ვირჯინიის კუნძულები). ოფშორულ ზონებს ქართული ბიზნესები ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.
საქსტატის მონაცემებით, რეინვესტიციის მოცულობამ 2016 წელს $287 მილიონი შეადგინა, ეს კი მთლიანი უცხოური ინვესტიციების პორტფელის 18%-ია.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ 2016 წელს $671 მილიონი ჩაიდო. შემდეგ ადგილზეა მშენებლობა - $129.5 მილიონი და საფინანსო სექტორი $129 მილიონი. ენერგეტიკის სექტორში კი ინვესტიციების მოცულობა 5%-ით შემცირდა და მან $117 მილიონი შეადგინა.