პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

თურნავა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედეგები გვაჩვენებს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2019 წლის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა უმნიშვნელოდ, 0.2%-ით გაიზარდა.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ამაში ხედავს "ნიშანს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება" და საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს "აღმავალი ტალღის დასაწყისს" უწოდებს.

"მეოთხე კვარტალი ხასიათდებოდა ძალიან პოზიტიური დინამიკით, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეოთხე კვარტალში გაორმაგდა, რეკორდულად - შვიდჯერ გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა.

ეს ნიშნავს, რომ არსებული ბიზნესებიც, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული, გაფართოვდა და წლიური შედეგები, წინა წელთან შედარებით, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდის დინამიკას გვიჩვენებს, რაც შემდგომი აღმავალი ტალღის დასაწყისია." - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი 283.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, მეორე კვარტალში $209.8 მილიონს, მესამეში $427.4 მილიონს, ხოლო მეოთხეში - $347 მილიონს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2006 წელი - $1 171.2 მლნ
  • 2007 წელი - $1 764.7 მლნ
  • 2008 წელი - $1 575.2 მლნ
  • 2009 წელი - $666.8 მლნ
  • 2010 წელი - $865.6 მლნ
  • 2011 წელი - $1 134 მლნ
  • 2012 წელი - $1 048.2 მლნ
  • 2013 წელი - $1 039.2 მლნ
  • 2014 წელი - $1 837 მლნ
  • 2015 წელი - $1 729.1 მლნ
  • 2016 წელი - $1 650.3 მლნ
  • 2017 წელი - $1 962.6 მლნ
  • 2018 წელი - $1 265.2 მლნ
  • 2019 წელი - $1 267.7 მლნ

კომენტარები