განათლების სამინისტრო

"სარისკო შეთავაზებები" - განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს, დააზუსტონ, მათი შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არის თუ არა ავტორიზებული სუბიექტი.

სამინისტროს განცხადებით, ბოლო დროს, ინტერნეტსივრცეში აბიტურიენტებს სულ უფრო და უფრო ხშირად სთავაზობენ გამოცდების გარეშე სხვადასხვა სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას.

"საიდანაც, თითქოს, პირველივე სემესტრშია შესაძლებელი, სტუდენტმა სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს. მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა - ავტორიზაცია.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც" - აცხადებს განათლების სამინისტრო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე დასჯადია.

ავტორიზაციას არ ექვემდებარება:

ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:

ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი; ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი; ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით; 

ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.

კომენტარები