პოლონეთი

მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ანდჟეი დუდა იურიდიულ რეფორმებს ვეტოს დაადებს

პოლონეთში მიმდინარე ერთკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გამოაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ იურიდიულ რეფორმებს ვეტოს დაადებს.

პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამის გამო, შესაძლოა, ევროკავშირმა პოლონეთს სანქციებიც კი დაუწესოს.

საკანონმდებლო ცვლილებების უკან პოლონეთის მმართველი მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია დგას, რომლის ლიდერიც იაროსლავ კაჩინსკია. კაჩინსკის პარტია სეიმში სრულ უმრავლესობას ფლობს. მათ მიერ დამტკიცებული რეფორმების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ყველა, 83-ვე მოსამართლე გათავისუფლდება და მათი დანიშვნის უფლება ექნებათ მინისტრებს. ცვლილება პოლონეთის მთავრობას საშუალებას აძლევს სრულად გააკონტროლოს სასამართლო სისტემა. საკანონმდებლო ცვლილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც ეხება.

ანდჟეი დუდას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები პოლონეთის იურიდიულ სისტემას ნამდვილად არ გააძლიერებს და ვეტოს გამოყენებასაც სწორედ ამიტომ აპირებს.

კომენტარები