ე.წ. ქართველთა მარში

მერია ე.წ. ქართველთა მარშს: კონტრაქცია სხვა ლოკაციაზე ან სხვა თარიღში გამართეთ

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიამ ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა, რომელსაც უწყება აქვეყნებს.

როგორც მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, 23 ივლისს, თბილისში, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის ჩატარების მოთხოვნით 17 ივლისს "ევროპულმა საქართველომ" მიმართა, ხოლო მეორე აქციის წარმომადგენლებმა კი, 21 ივლისს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 21 ივლისს შეტანილი განცხადების ავტორთა მიერ დაგეგმილი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა დროს.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლს, რომლის შესაბამისად საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიმდინარე წლის 23 ივლისს დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას შესაძლებელია, შეიქმნას კონფლიქტის ექსკალაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებირვი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით თქვენ მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა თარიღში", - წერია მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილში.

მერიის მიერ აქციის სანქციის გაუქმებაზე ე.წ. ქართველთა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ისინი კონტრაქციას მაინც გამართავენ.

კომენტარები