ბრაზილია

ბრაზილიის ექსპრეზიდენტ ლულას კორუფციის გამო 9.5 წელი მიუსაჯეს

Reuters

ბრაზილიის ექსპრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვას ბრაზილიის ფედერალურმა სასამართლომ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და 9.5 წელი მიუსაჯა.

ლულას უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს და გასაჩივრების შედეგებამდე ის თავისუფალი იქნება. 

ბრაზილიის ექსპრეზიენტს კომპანია სამშენებლო კომპანია OAS SA-სგან 1.2 მილიონ დოლარად შეფასებული ზღვის პირას მდებარე ბინის ქრთამის სახით მიღება ედება, სასამართლოს ცნობით სანაცვლოდ ლულა კომპანიას სახელმწიფო ნავთობკოგიგანტ პეტრობრასთან კონტრაქტების მოპოვებაში დაეხმარა. გამოძიების ცნობით, ნავთობკომპანიის კორუფციულ გარიგებებში ბრაზილიელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ე.წ. პეტრობრასის საქმის გამოძიების ფარგლებში 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები დააკავეს.

ლულა, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტი 2003-2011 წლებში იყო, დანაშაულს უარყოფს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლულა ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია. მეტიც, ლულა ბრაზილიის მუშათა პარტიის სახელით 2018 წელს გასამართ არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობას. გამოკითხვების მიხედვით, მემარცხენეთა ლიდერი ამ დრომდე არჩევნებში გამარჯვების მთავარი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს ბრაზილიაში მემარცხენე მუშათა პარტიის 13-წლიანი მმართველობა დასრულდა. ლულას შემცვლელის, ბრაზილიის ექსპრეზიდენტი დილმა რუსეფის იმპიჩმენტს ბრაზილიის სენატის 61-მა წევრმა (20-ის წინააღმდეგ) დაუჭირა. რუსეფის იმპიჩმენტის პროცედურა მემარჯვენე ოპოზიციურმა ძალებმა დაიწყეს.

რუსეფს ოპონენტები 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებასა და ბიუჯეტის დეფიციტის ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულეს. ოპონენტთა თქმით, 2014 წელს, როცა რუსეფმა მეორე ვადით იყარა კენჭი, არჩევნებამდე მან საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა პოპულისტური სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან კი ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობა ცენტრისტული პარტია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა მიშელ ტემერმა დაიკავა, რომელიც დილმა რუსეფის პრეზიდენტობის დროს ქვეყნის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ბრაზილიაში ამჯერად აქციები ტემერის წინააღმდეგაც მიმდინარეობს, ორჯერ დადგა მისი იმპიჩმენტის საკითხიც. ტემერს დეპუტატთა პალატის ყოფილი თავმჯდომარისთვის დუმილის სანაცვლოდ, 630 000 დოლარის ოდენობით ქრთამის გადახდის ბრძანების გაცემას ედავებიან. ფაქტის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერები ტელეკომპანია Globo-მ გამოაქვეყნა. ტემერი ამ დრომდე ბრალდებებს უარყოფს და თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს.

ბრაზილიაში გენერალური არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები