ვენესუელა

ვენესუელაში პარლამენტს დაესხნენ თავს, ნაცემია 5 ოპოზიციონერი დეპუტატი

EPA

ვენესუელის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "კოლექტივოს" ეკისრება, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებების წევრები პარლამენტში ცეცხლსასროლი იარაღითა და გაზის ყუმბარებით შეიჭრნენ.

თავდასხმა უკვე დაგმო ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ და სამართალდამცავებს მომხადრის გამოძიებისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში აპრილიდან ამ დრომდე ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს უფლებამოსილების გაფართოებასა და პარლამენტის ფუნქციების შემცირებას აპროტესტებენ. პარლამენტში კი უმრავლესობა ოპოზიციას აქვს მოპოვებული.

გარდა ამისა, მადურომ საკონსტიტუციო ასამბლეის შეკრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუცია რეფერენდუმის ჩატარების გარეშე შეცვალოს, რამაც საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გააძლიერა.

ცნობისთვის, სამთავრობო და ოპოზიციური ძალების დაპირისპირების შედეგად, უკანასკნელ თვეებში სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1500-მდე ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები