კომერციული ბანკები

კომერციულ ბანკებს ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების ახალი წესი დაუდგინდათ

კობა გვენეტაძე
ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ხელი მოაწერა კომერციული ბანკებისთვის ინფორმაციის გამოქვეყნების ახალ მოთხოვნებს, რომელთა შედეგადაც ბანკებს მათი საქმიანობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება მოუწევთ. ცვლილება საერთაშორისო საბანკო რეგულაციათა პაკეტის, ბაზელ III-ის მოთხოვნების შესაბამისია.

"აღნიშნული წესის მიზანია კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნებით საბანკო სექტორის გამჭვირვალობის ამაღლებისა და, შედეგად, საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების ხელშეწყობა. 

მოცემული წესი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური საკითხების შესახებ.

მოცემული ბრძანებით უქმდება არსებული "კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარების გამჭვირვალობის წესი" და ახალი წესით დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნება კვარტალური და წლიური პერიოდულობით მოითხოვება. ახალი ბრძანებით განსაზღვრული კვარტალური ანგარიშგება ანაცვლებს კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების ამჟამინდელ ფორმას. ამასთან, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების გარდა, კომერციული ბანკები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ წლიური ანგარიშგება, რომელიც საზედამხედველო მაჩვენებლების რაოდენობრივი ინფორმაციასთან ერთად, მოიცავს ბანკის კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას", - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კომენტარები