კორუფცია სასამართლოში

ჭიაბერაშვილი: სასამართლოში არსებულ კორუფციაზე პრემიერისგან განმარტებას ვითხოვთ

ტაბულა

“ევროპული საქართველო” უაღრესად საგანგაშოდ მიიჩნევს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინფორმაციას უცხოურ კომპანიებზე თავდასხმებისა და იმ მხარეების შესახებ ვინც აღნიშნული თავდასხმების უკან დგას. პალატაში ვერ იხსენებენ პერიოდს ბოლო ოცი წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი გამძაფრებული თავდასხმები ხორციელდებოდა უცხოურ ბიზნესებზე.

“იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ძირითადი პრობლემები საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური აქტივობაა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, ფასების დასასტაბილურებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად,” - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობა უნდა დაეთანხმოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებულ იმ პროგრამას, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში წარადგინა.

იმავდროულად, “ევროპული საქართველო” ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში მითითებულ შემდეგ გარემოებებზე:

- პრემიერმინისტრს არ აქვს პოლიტიკური წონა, ხოლო “საქართველოს მთავრობას არ შესწევს უნარი აღკვეთოს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო და უკანონო ქმედებები”

- სასამართლო კორუპმპირებულია და ექვემდებარება ხელისუფლების იმ “უკონტროლო სუბიექტთა” მხრიდან ზეწოლას და შანტაჟს, რომლებსაც მთავრობა და პრემიერმინისტრი ვერ აკონტროლებენ

“ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ისედაც პრობლემების მქონე სასამართლო სისტემის სრული დეგრადაცია მოხდა: სასამართლო არა მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი გახდა, არამედ, როგორც არაერთი შემთხვევა გვაჩვენებს, მასში ღრმად გაიდგა ფესვი კორუფციამაც. მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი ამ უმძიმესი მდგომარეობის მკაფიო მაგალითია.

“ქართული ოცნების” არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და საზიანო პოლიტიკის შედეგები უკვე ასახულია ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე, შემოსავლების კლებაზე, იმაზე, რომ ბიზნეს-სექტორში არ იქმნება სამუშაო ადგილები. ამის დამატებით საქართველოში მოქმედ საერთშორისო კომპანიებზე იერიშის მიტანა და ამით ათობით პოტენციური ინვესტორის კიდევ უფრო დაფრთხობა აღრმავებს იმ კრიზისს, რაშიც ქვეყანა მილიარდერი ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შეიყვანა,” - აცხადებენ “ევროპულ საქართველოში”.

“ევროპული საქართველო” აცნობიერებს, რომ ყველა მიმართულებით - მათ შორის, სასამართლო სისტემაში თუ ეკონომიკაში - კრიზისის დაძლევა და პრობლემების გამოსწორება მხოლოდ “ქართული ოცნების” მმართველობის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი. ამასთან, “ევროპული საქართველო” საზოგადოებას შეახსენებს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს - მაგალითად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გარკვეული პერიოდით საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე გამოცდილი მოსამართლეების მოწვევა და საქართველოში მოქმედი კომპანიებისათვის საერთაშორისო საარბიტრაჟო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის მიცემა - რომლის გადადგმის აუცილებლობის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერებს არაერთხელ უსაუბრიათ და რომლებიც კვლავ რჩება პარტიის პროგრამის საკვანძო საკითხებად.

ამ ეტაპზე “ევროპული საქართველოს” ამოცანაა, ყველა კანონიერი პოლიტიკური მეთოდისა და და სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით წინ აღვუდგეთ ქვეყნის ინსტიტუტების სრულ მოშლას, მისი იმიჯის დაზიანებას საერთაშორისო არენაზე, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პარტნირებთან ურთიერთობების გაუარესებას, რადგან ამ ყველაფრის ფასს საქართველოს მოქალაქეები იხდიან. ასეთი მდგომარეობა ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების დაბალ შემოსავლებზე, საყოველთაო გაჭირვებაზე, უმუშევრობასა და ფასების ზრდაზე.

“ევროპული საქართველო” მოითხოვს პრემიერმა კვირიკაშვილმა გააკეთოს საჯარო განმარტება საერთშორისო სავაჭარო პალატის განცხადებაში აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.

კომენტარები