კორუფცია სასამართლოში

ევროპული საქართველო: უაღრესად საგანგაშოა, რომ სასამართლოში კორუფციის ნიშნებია

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარის, ფადი ასლის თქმით, მოსამართლემ, რომელმაც სავაჭრო პალატის სამ წევრს, თამბაქოს საერთაშორისო ბრენდებს - ფილიპ მორის საქართველოს და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს და ასევე ტერაბანკს საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის - ჯამში $150 მილიონის მოცულობის ჯარიმები დააკისრა, კორუმპირებულია.

პარტიამ "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" დღეს სასამართლოში კორუფციის რისკების ზრდაზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დღეს სასასამართლოში მიმდინარე პროცესები "უაღრესად საგანგაშოა", რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვანი ზიანს აყენებს. პარტია სასამართლოში არსებული "კრიზისული" ვითარების გამოსწორების საშუალებად ქვეყანაში ავტორიტეტული და გამოცდილი უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას ასახელებს.

"ფადი ასლის მიერ გასული კვირის განმავლობაში გაკეთებულ არაერთ საჯარო განცხადებას, რომელიც მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების - Philip Morris International, "ტერა ბანკი" და British American Tobacco - წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ეხება. ფადი ასლის განცხადებით, ბიზნესი უფრო და უფრო მეტ კორუფციულ საქმეებს აწყდება სასამართლოში და ეს მდგომარეობა მას შევარდნაძის პერიოდს ახსენებს.

"ევროპული საქართველო", იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ისედაც პრობლემების მქონე სასამართლო სისტემის სრული დეგრადაცია მოხდა: სასამართლო არა მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი გახდა, არამედ, როგორც არაერთი შემთხვევა გვაჩვენებს, მასში ღრმად გაიდგა ფესვი კორუფციამაც.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება სასამრთლო სისტემის სრული დეგრადაციის ამსახველი სავალალო დიაგნოზია, ხოლო მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი - ამ უმძიმესი მდგომარეობის მკაფიო მაგალითი.

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ ის კონკრეტული ნაბიჯები - მაგალითად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გარკვეული პერიოდით საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე გამოცდილი მოსამართლეების მოწვევა და საქართველოში მოქმედი კომპანიებისათვის საერთაშორისო საარბიტრაჟო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის მიცემა - რომლის გადადგმის აუცილებლობის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერებს არაერთხელ უსაუბრიათ და რომლებიც კვლავ რჩება ჩვენი პარტიის პროგრამის საკვანძო საკითხებად. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, ყველა კანონიერი პოლიტიკური მეთოდისა და და სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით წინ აღვუდგეთ ქვეყნის ინსტიტუტების სრულ მოშლას, მისი იმიჯის დაზიანებას საერთაშორისო არენაზე, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პარტნირებთან ურთიერთობების გაუარესებას, რადგან ამ ყველაფრის ფასს საქართველოს მოქალაქეები იხდიან", - წერია პარტიის განცხადებაში.

სასამართლოში კორუფციის რისკებთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა ორშაბათს მრგვალი მაგიდის გამართვას გეგმავს, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები