კორუფცია სასამართლოში

თარხნიშვილი: კორუფცია დიახაც, დაბრუნდა სასამართლოებში

ლევან თარხნიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან თარხნიშვილი ეთანხმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მიხეილ ჩინჩალაძის გუშინდელ განცხადებას, რომ სასამართლოში კორუფციის შემოსვლის საფრთხე ძალიან მაღალია. 

"კორუფცია დიახაც, დაბრუნდა სასამართლოებში. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი. მაგრამ ბევრად უფრო სახიფათოა ის, რომ არ არსებობს კომუნიკაცია ახალ თავმჯდომარესა და მოადგილეს შორის. იმის მაგივრად, რომ თავმჯდომარემ ამ გამოწვევებს უპასუხოს, რაც არის კორუფციის დაბრუნება სასამართლოში, იგონებს მოსამართლეებზე ზეწოლის ახალ მეთოდებს ინსპექტორების სახით და დიდად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ზეწოლის მექანიზმები ძირითადად პოლიტიკური საქმეებისთვის იქნება გამოყენებული", - თქვა თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ განცხადება სასამართლოში კორუფციის შესახებ მაშინ გააკეთა, როდესაც ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა კორპუსს ხვდებოდა. გვენეტაძემ ჩინჩალაძეს მოსთხოვა, კონკრეტული ფაქტები დაესახელებინა, თუმცა, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

"გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არის რაღაც გარემოებები და ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სასამართლოში კორუფციის შემოსვლის საფრთხე ძალიან მაღალია. თბილისშიც და რეგიონებშიც. აქამდე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნინო გვენეტაძესთან კომუნიკაციის საშუალება, გარდა საჯარო შეხვედრისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოადგილე ვარ, არ მქონია", - თქვა ჩინჩალაძემ.

კომენტარები