კორუფცია სასამართლოში

გვენეტაძის მოადგილე: სასამართლოში კორუფციის შემოსვლის საფრთხე ძალიან მაღალია

მიხეილ ჩინჩალაძე
რუსთავი 2

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მოადგილის მიხეილ ჩინჩალაძის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ სასამართლოში კორუფციის შემოსვლის საფრთხე ძალიან მაღალია. აღნიშნული მან გვენეტაძის მოსამართლეთა კორპუსთან შეხვედრაზე თქვა. გვენეტაძემ ჩინჩალაძეს მოსთხოვა, კონკრეტული ფაქტები დაესახელებინა, თუმცა, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

"გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არის რაღაც გარემოებები და ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სასამართლოში კორუფციის შემოსვლის საფრთხე ძალიან მაღალია. თბილისშიც და რეგიონებშიც. აქამდე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნინო გვენეტაძესთან კომუნიკაციის საშუალება, გარდა საჯარო შეხვედრისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოადგილე ვარ, არ მქონია", - თქვა ჩინჩალაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსამართლეებთან შეხვედრაზე დღეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. მოსამართლეები იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეების ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს, რის შემდეგაც მოსამართლეები საკუთარ თავმჯდომარეს თვითონ აირჩევენ. საუბარია 25 რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეებზე. მოსამართლეები ამბობენ, რომ კანონში მსგავსი ცვლილება ანტიკონსტიტუციურია.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც განხილვებზე დამსწრე მოსამართლეეების სრული უმრავლესობა ეწინააღმდეგება, ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებაა, რაც უზენაესი სასამართლოს ინიციატივაა. ინიციატივის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის საქმიანობას დააკვირდება და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის უფლება ექნება. მოპოვებულ ინფორმაციას კი ინსპექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც ეწინააღმდეგება.

მართლმსაჯულების რეფორმირების მესამე ეტაპის ფარგლებში უკვე მსგავსი რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ყველა შეხვედრაზე დამსწრე მოსამართლეების სრული უმრავლესობა კანონში შესატან ორივე ცვლილებას, სასამართლოს თავმჯდომარეებისათვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები