კრემლის გავლენის ინდექსი

მედიის განვითარების ფონდის ანგარიში - კრემლის გავლენის ინდექსი

კრემლის გავლენის ინდექსი 2017
MDF

მედიის განვითარების ფონდი ანგარიშს - კრემლის გავლენის ინდექსი 2017 აქვეყნებს. აღნიშნული ინდექსი არის მექანიზმი, რომელიც ზომავს რუსეთის მთავრობის შესაძლებლობებს, საკუთარი მიზნების მისაღწევად, სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეებზე გავლენა მოახდინოს. დოკუმენტი უკრაინის, საქართველოს, უნგრეთსა და ჩეხეთის ინდექსის საპილოტე მონაცემებს მოიცავს.

ანგარიშის მთავარი მიგნებები:

გავლენა: პოლიტიკური განზომილება

ყველა შესწავლილ ქვეყანას მეტნაკლებად ძლიერი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ჰყავს, რომლებიც ავრცელებენ პრორუსულ და ანტიდასავლურ ლოზუნგებს და იყენებენ ნარატივს, რომელიც კრემლისტური ნარატივის მსგავსია. ეს პარტიებია მემარჯვენე "ფიდესი" და ულტრამემარჯვენე "იობიკი" უნგრეთში, ულტრამემარჯვენე "პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში, პოპულისტური "ოპოზიციური ბლოკი" უკრაინაში, "კომუნისტური პარტია" და "განთიადი" ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამ ქვეყნებში, პოლიტიკურ პარტიებს (როგორც წესი) მჭიდრო კავშირები აქვთ მსხვილ ბიზნესებთან და ხშირად, ამ ბიზნესების რუსეთთან ურთიერთობა განაპირობებს ამ პოლიტიკური პარტიების პრორუსულ კურსს. პოლიტიკასა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ეს სისტემა საფრთხეს ქმნის, რადგან კრემლს შეუძლია ბიზნესელიტების ინტერესებით მანიპულირება და შესაბამისად, პოლიტიკური ძალების პოზიციებიც შეიძლება, მათი კურატორების ინტერესების შესაბამისად შეიცვალოს. კრემლის კონსერვატიული იდეოლოგია, დეზინფორმირების ძალისხმევასთან ერთად, საბაბს აძლევს პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა პარტიას, მხარი დაუჭირონ კრემლის პოლიტიკას.

ჩეხეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში ეს გავლენა უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების (ჩეხეთის პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერმინისტრი) მეშვეობითაც ხორციელდება, რომლებიც, თავიანთ განცხადებებში, ამართლებენ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მსოფლიოში, ხაზს უსვამენ კრემლთან სტრატეგიულ მეგობრობას და ა.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში ამ გავლენას მთავრობის შედარებით პრაგმატული და დამოუკიდებელი პოზიცია აბალანსებს; უნგრეთში ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ სხვაობაზე პრორუსულ რიტორიკასა და მთავრობის უფრო პრაგმატულ ხაზს შორის, რომელსაც სწორება აღებული აქვს საყოველთაო კონსენსუსზე სანქციებთან დაკავშირებით, მინსკის შეთანხმებებზე ევროკავშირში და NATO-ში. უკრაინა გამოუცხადებელ ომშია რუსეთთან და ამიტომ, პრორუსული პოლიტიკური ძალებიც კი, პატრიოტულ რიტორიკას იყენებენ. საქართველოს ხელისუფლება სარგებლობს რუსეთთან არსებული საფრთხეებით და ნეიტრალურ პოლიტიკას ატარებს, რითიც ქვეყანაში არსებულ ანტიდასავლურ რიტორიკას უწყობს ხელს.

ადგილობრივი ხელისუფლებებიც კრემლის იდეების კომუნიკატორები არიან. აქ ამ ინსტიტუტების არა იმდენად რაოდენობაა მნიშვნელოვანი (მათი რაოდენობა არ არის ბევრი), რამდენადაც საზოგადოების საინფორმაციო გამოხმაურება მათ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებზე, რომლებშიც ისინი ან კრემლის საგარეო პოლიტიკას უჭერენ მხარს ან შეგნებულად არ გმობენ ამ პოლიტიკას.

რეაგირება

უკრაინა აშკარა ლიდერია რუსულ საინფორმაციო აგრესიაზე პოლიტიკური რეაგირების თვალსაზრისით. მკაფიოდ გააზრებული რუსული დეზინფორმაციის საფრთხე სტრატეგიულ დოკუმენტებშია ასახული. სახელმწიფოს მიერ მიღებული რამდენიმე ურყევი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მნიშვნელოვნად შეიზღუდა უკრაინის მოქალაქეების ხელმისაწვდომობა რუსულ მედიაპროდუქტებზე. ეს გადაწყვეტილებები მოიცავს რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის შეზღუდვას; პროპაგანდის ელემენტების შემცველი რუსული ფილმების აკრძალვას; იმ მსახიობების ქვეყანაში შემოშვების აკრძალვას, რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს ყირიმის ანექსიასა და კრემლის მილიტარისტულ აგრესიას; მთავრობის ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინული მაუწყებლობის აღდგენას ფრონტისპირა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რუსეთში გამოცემული წიგნების იმპორტის შეზღუდვას და სხვა. შეიქმნა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ოლიგარქიული მედიის უკეთესი ალტერნატივაა. თუმცა, პრობლემები არსებობს საინფორმაციო უსაფრთხოების სახელმწიფო მართვაში: ინსტიტუციურმა გადაწყვეტილებებმა (სპეციალიზებული სამინისტროს შექმნა) ვერ შეამცირა ამ სფეროში ხელისუფლების შტოებში არსებული ქაოსი და ვერ შეუწყო ხელი ქმედებების სათანადოდ კოორდინირებას.

სხვა შესწავლილ ქვეყნებში პოლიტიკური რეაგირება მმართველი ელიტების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. უნგრეთის ხელისუფლების პრორუსული ორიენტაციის გამო ამ სფეროში გადაწ- ყვეტილებები არ არის მიღებული. არსებული რეალობის ზეწოლის შედეგად, საქართველოს მთავრობამ რუსეთის საინფორმაციო გავლენა საფრთხედ განსაზღვრა, მაგრამ სათანადო პოლიტიკური ნების არქონის გამო შეიძლება, ბევრი დრო დაიკარგოს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დეკლარირებიდან რეალურ ქმედებებზე გადასვლაში. ჩეხეთის მთავრობა უფრო აქტიურია ამ სფეროში; კერძოდ, უკვე შეიქმნა სპეციალიზებული სამთავრობო სტრუქტურა, რომლის მოვალეობაც ქვეყანაში პროპაგანდასთან ბრძოლაა და დამტკიცდა საერთო სამთავრობო მიდგომა.

ყველა შესწავლილი ქვეყანა აღნიშნავს მათი ხელისუფლებების არასაკმარის უნარს, განახორციელონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ასევე პოლიტიკურ დღის წესრიგში მოქალაქეთა მედიაწიგნიერების საკითხის არარსებობას (მხოლოდ უკრაინას და ჩეხეთის რესპუბლიკას აქვს ამ სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ ისინი არ არის საკმარისი).

გავლენა: მედიაგანზომილება

კვლევა ადასტურებს მოსაზრებას, რომ რუსული მედიასაშუალებები (როგორებიცაა "სპუტნიკი", RT, NTV, "რასია 1" და სხვა) არ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს მოქალაქეთა შორის კრემლისტური ნარატივების გავრცელებაში. ისინი ადგილობრივი პრორუსული მედიასაშუალებების, განსაკუთრებით, ტაბლოიდური მედიის ნარატივების წყაროებია; მათ ადგილობრივი მეინსტრიმული და ადგილობრივი მედიასაშუალებებიც იყენებენ და შესაბამისად, მოვლენების ისეთ ინტერპრეტაციას სთავაზობენ აუდიტორიას, რომელიც კრემლის პროპაგანდას შეესაბამება. საქართველოსა და უკრაინაში რუსულენოვან რუსულ მედიას მოქალაქეები უფრო გასართობი გადაცემების სანახავად იყენებენ, ვიდრე ახალი ამბების წყაროდ. ამრიგად, აქ პრობლემას უფრო გასართობი კონტენტის (ფილმები, ტელესერიალები, შოუები, ფსევდოსამეცნიერო პროგრამები) უარყოფითი გავლენა წარმოადგენს, ვიდრე არასწორი ინფორმაცია.

ამავე დროს, ეროვნული მედია კრემლის ნარატივების სულ უფრო გავლენიანი გამავრცელებელი ხდება. შესწავლილი ქვეყნების მედიალანდშაფტის ოლიგარქიული ბუნება ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის რუსული საინფორმაციო გავლენისთვის. ამ ქვეყნების ბიზნესის და პოლიტიკური ჯგუფების არსებული ალიანსები კრემლთან (მეტ-ნაკლებად მყარი), რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, ზეგავლენა მოახდინოს იმ ეროვნული და ადგილობრივი მედიის სარედაქციო პოლიტიკებზე, რომლებსაც ეს ჯგუფები აკონტროლებენ. ამრიგად, კრემლის ნარატივის ნიშნები ჩანს იმ მედიასაშუალებების კონტენტში, რომლებსაც აკონტროლებენ ფიდესი-უნგრეთის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია უნგრეთში; დ. ფირტაში და ს. კუჩენკო და სხვები უკრაინაში; ასევე, "ობიექტივი ტვ"-ში, "მაესტრო ტვ"-სა და "ასავალ-დასავალში" საქართველოში; გარკვეული სპეციფიკური ნარატივები "ტვ პრიმაში" ჩეხეთის რესპუბლიკაში. ვინაიდან ასეთი ნარატივები არ არის ყოველთვის ცრუ ახალი ამბების ფორმატით გადმოცემული, აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ეს მედიასაშუალებები კრემლისთვის მუშაობენ, არ არსებობს; ოპერირებენ რა ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, ეს მედიასაშუალებები სიტყვის თავისუფლებით სარგებლობენ და მათი აქტივობების შეზღუდვის დემოკრატიული საშუალებები არ არსებობს. მთავრობებს არა აქვთ პოლიტიკური ნება, წინააღმდეგობა გაუწიონ ასეთი მედიის დესტაბილიზაციურ საქმიანობას, რადგან ეს პრორუსულ ოლიგარქებთან კონფლიქტს ნიშნავს.

კრემლის ძლიერი გავლენა შეიმჩნევა ტაბლოიდურ მედიაში. მოქალაქეთა გადასვლა მეინსტრიმული მედიიდან ალტერნატიული წყაროებისკენ ინტერნეტში გავრცელებული ტენდენციაა. საეჭვო მედიის გავლენას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რუსული პროპაგანდისტული ზეგავლენის სისტემაში.

ცალკე უნდა აღინიშნოს რუსული მედიის გავლენა უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ხელისუფლება ატარებს ზომებს ამ ტერიტორიების საინფორმაციო იზოლირების და მათი რუსულ მედიასივრცეში ინტეგრირებისთვის: მოქალაქეებს უზღუდავს დამოუკიდებელი მედიის ხელმისაწვდომობას და პირიქით, ადვილად ხელმისაწვდომს ხდის რუსულ ან კრემლის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს.

რეაგირება

ჟურნალისტებისა და რედაქტორების უუნარობა, წინააღმდეგობა გაუწიონ მფლობელთა მხრიდან ცენზურას, ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა, რომელიც ასუსტებს შესწავლილი ქვეყნების მედიების შესაძლებლობას, წინ აღუდგნენ რუსულ საინფორმაციო აგრესიას. ეს იმ მედიასაშუალებებს ეხება, რომლებსაც პრორუსული ბიზნესმენები და პოლიტიკური ჯგუფები აკონტროლებენ და კრემლისთვის ხელსაყრელი ნარატივების პროპაგანდისთვის იყენებენ. ჟურნალისტური თავისუფლების დაცვის არსებული მექანიზმები და თვითრეგულირება უკიდურესად არასაკმარისი ჩანს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავისუფლება, მოამზადონ ობიექტური და მიუკერძოებელი კონტენტი, რომელიც არ იქნება მფლობელთა ინტერესებზე დამოკიდებული.

ჟურნალისტთა არასაკმარისი პროფესიონალიზმი, უუნარობა ამოიცნონ ცრუ ინფორმაცია და მანიპულაცია ასევე უწყობს ხელს კრემლის გეგმების განხორციელებას საინფორმაციო სფეროში. ადგილობრივი მედია, ჩვეულებრივ, უფრო ხშირად იყენებს არასანდო წყაროებს, სოციალურ ქსელებს და სხვა მსგავს საშუალებებს და მის წარმომადგენლებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ტრენინგებსა და დამატებით განათლებაზე, ვიდრე მათ კოლეგებს ეროვნული მასშტაბის მედიასაშუალებებიდან.

ამავე დროს, დეზინფორმაციის და პროპაგანდის თემა სულ უფრო პოპულარული ხდება ჟურნალისტებს შორის და მედიაც მას სულ უფრო მეტად აშუქებს. ბუნებრივია, ეს ყველაზე აქტიურად უკრაინაში ხდება, სადაც დეზინფორმაციის თემაზე უკვე ბევრი ფილმი, საგაზეთო სტატია და პროგრამა მომზადდა; ეს თემა განიხილება ტელევიზიების საინფორმაციო პროგრამებსა და ტოქშოუებში. სხვა შესწავლილ ქვეყნებში ჟურნალისტები აშუქებენ კრემლის პროპაგანდის საკითხს, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის ინტენსიური გაშუქების საგანი.

გავლენა: სამოქალაქო საზოგადოების განზომილება

სამოქალაქო ორგანიზაციები გამოიყენება კრემლის საკომუნიკაციო აქტივობების შესანიღბად. ხელოვნურად შექმნილ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისეთი საერთო მახასიათებლები აქვთ, როგორებიცაა ორგანიზაციის ისტორიის არქონა, გაუმჭვირვალე დაფინანსება და საინფორმაციო რესურსების ხარისხი. კერძოდ, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია ხდება ე.წ. "გონგოების" – მთავრობის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. კიდევ ერთი ტიპის პროკრემლისტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენს სახელოვნებო და კულტურული ორიენტაციის მქონე ორგანიზაციები ("ტოლსტოის ასოციაცია" უნგრეთში, "დამოუკიდებელი მედიის ასოციაცია" ჩეხეთის რესპუბლიკაში), რომლებიც პოლიტიკის და კულტურის პროკრემლისტური წარმომადგენლებისთვის დამატებით საკომუნიკაციო პლატფორმას ქმნიან და პროკრემლისტურ ხელოვანებს ლეგიტიმაციას მატებენ საზოგადოების თვალში. აკადემიური ინსტიტუტები, რომლებიც კრემლის დისკურსს უწყობენ ხელს, ცოტაა. უფრო ზოგი პროფესორის პროკრემლისტურ პროპაგანდაზე შეიძლება საუბარი, ვიდრე აკადემიური სფეროს მეშვეობით ინსტიტუციონალიზებულ გავლენაზე.

უკრაინასა და საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია (ის ნაწილი, რომელიც მოსკოვს ექვემდებარება) კრემლისტური პროპაგანდის მძლავრ არხს წარმოადგენს. ტრადიციონალიზმი, კონსერვატიზმი და ერების ერთობის იდეა, რომლებსაც ეს პროპაგანდა იყენებს, დამახასიათებელია ამ კონფესიისთვის; ამიტომ, მას კრემლი იყენებს მისი იდეოლოგიის პოტენციური მომხრეების მობილიზებისათვის. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ამ ეკლესიის სხვადასხვა იერარქიის წარმომადგენლები ანტიდასავლური გზავნილებით გამოდიან ან რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკას ამართლებენ.

ყველა შესწავლილ ქვეყანაში, ულტრამემარჯვენე და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს კრემლი მის სასარგებლოდ იყენებს, მაგრამ მათი ზეგავლენა უმნიშვნელოა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების კონტროლის ქვეშ არის, რომელთა გავლენა ამ ტერიტორიებზე ძლიერია; კერძოდ, ისინი ქმნიან საკუთარ მედიას თავიანთი მიზნებისა და იდეოლოგიის პროპაგანდირებისთვის.

რეაგირება

ყველა შესწავლილ ქვეყანას აქვს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი პოტენციალი რუსეთის საინფორმაციო აგრესიასთან ბრძოლისთვის. 2015-2017 წლებში, ძლიერმა ადგილობრივმა ანალიტიკურმა ცენტრებმა, კვლევითმა და მონიტორინგის ორგანიზაციებმა თა- ვიანთი საქმიანობა გააერთიანეს ამ სფეროში. ბუნებრივია, ყველაზე მეტი გამოცდილება და ბევრი მიდგომა უკრაინაში შეიქმნა; ჯერ კიდევ 2015 წელს, უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შემუშავებული ჰქონდათ მეთოდები დეზინფორმაციის მონიტორინგისთვის, პრო- პაგანდული დისკურსის და ნარატივების ანალიზისთვის, ასევე, მიდგომები ქვეყანაში რუსული დეზინფორმაციის გავლენის შეფასებისთვის. გროვდება სტატისტიკისა და მონიტორინგის მონაცემები, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტულ ძალისხმევას და მათზე საზოგადოების რეაგირებას ასახავს. მჭიდრო თანამშრომლობაა დამყარებული ჟურნალისტებსა და უსაფრთხოების, სოციოლოგიურ და კონფლიქტოლოგიურ ცენტრებს შორის; ისინი თანამშრომლობენ მედიასთან და ეხმარებიან ხელისუფლებას.

საქართველოს, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საზოგადოებებში რუსულ საინფორმაციო გავლენასთან ბრძოლა ჯერ არ გამხდარა ძალიან პოპულარული თემა, მაგრამ არსებობს ძლიერი ჯგუფები, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ ამ სფეროში. ასეთი ჯგუფები ბევრი არ არის, მაგრამ ისინი აგროვებენ ინფორმაციას რუსული გავლენის სტრატეგიაზე, მონიტორინგს ახორციელებენ დეზინფორმაციაზე, სწავლობენ გავლენის შიდა აგენტების საქმი- ანობებს, ადგენენ მათ კავშირებს კრემლთან. საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ეს ინსტიტუტები აქტიურად უწევენ კონსულტაციებს ხელისუფლებას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე; უნგრეთის მთავრობა ამჟამად არ არის ღია ასეთი თანამშრომლობისთვის. უნგრელ და ჩეხ ანალიტიკურ ცენტრებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამ საკითხებზე მსჯელობაში ევროკავშირის დონეზე.

მოქალაქეთა მედიაწიგნიერება სამოქალაქო საზოგადოების მუდმივი მსჯელობის საგანია, მაგრამ ამ სფეროში ძალზე მცირე სამუშაოა არასამთავრობოების მიერ ჩატარებული. თითოეულ შესწავლილ ქვეყანაში არის ორგანიზაციები, რომლებიც მეტ-ნაკლებად სისტემატურად არიან მოქალაქეთა მედიაგანათლებაში ჩართული, თუმცა, მათი გავლენა უმნიშვნელოა, განსაკუთრებით რესურსების ნაკლებობის გამო.

შესწავლილ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვეულებრივ, საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ერთმანეთთან, ასევე მედიასთან საინფორმაციო აგრესიასთან ბრძოლის სფეროში. არასამთავრობოებმა უფრო აქტიურად დაიწყეს მუშაობა ჟურნალისტებთან, უტარებენ მათ ტრენინგებს მანიპულაციებთან გამკლავების, ფაქტების გადამოწმების და სხვა საკითხებზე. თანამშრომლობა არასამთავრობოებსა და ხელისუფლებას შორის უნგრეთში, პრაქტიკულად, არ არსებობს; სხვა ქვეყნებში კი, ასეთი თანამშრომლობა საკმაოდ აქტიურია: ხელისუფლებები ანალიტიკურ ცენტრებს კვლევისა და რჩევებისთვის მიმართავენ. მთავრობებსა და მედიას შორის თანამშრომლობა, როგორც წესი, რთულია ამ ქვეყნებში; ასევე, საკმაოდ იშვიათია სხვადასხვა მედიას შორის თანამშრომლობა პროპაგანდასთან ბრძოლის სფეროში.

კომენტარები