ანაკლიის პორტი

TBC ჰოლდინგი ანაკლიაში პორტის მიმდებარედ 1000 ჰექტარიანი ქალაქის აშენებას გეგმავს

ანაკლიის ბულვარი
georgia.travel

TBC ჰოლდინგი და კონტი ჯგუფი ანაკლიაში პორტის მიმდებარედ 1000 ჰექტარზე ახალი ქალაქის, "ანაკლია სითის" აშენებას გეგმავს. TBC ჰოლდინგის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს ქვეყნის ეკონომიკაში "საუკუნის პროექტია". ქალაქი ინვესტორებს სპეციალურ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას შესთავაზებს.

"ქალაქი ანაკლია - ეს არის მომავლის ქალაქი, რომლის განვითარების მთავარი მიზანია ჩავებათ გლობალურ კონკურენციაში, შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნეს და საცხოვრებელი გარემო თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით. ჩვენ საუკუნის პროექტისთვის გამორჩეული პროფესიონალების გუნდს ვაყალიბებთ და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს",- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ანაკლიაში ახალი ქალაქის, ლაზიკის აშენების პროექტზე სახელმწიფო 2010-2011 წლებში აქტიურად მუშაობდა. პროექტის განხორციელება ისევე როგორც დღეს, ანაკლიის პორტთან ერთობლიობაში მოიაზრებოდა. ლაზიკის მსგავსად, ანაკლია სითის პროექტი დაგეგმილია, იყოს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რათა მან საერთაშორისო ინვესტორები მოიზიდოს. თუმცა აღნიშნულ პროექტებს ერთმანეთისგან მასშტაბები განსახვავებთ, პროექტის მიხედვით ქალაქი ლაზიკა უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო.

კომპანია "ანაკლია სითის" ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს. ბოჭორიშვილის განცხადებით, „ქალაქი ანაკლია მიმზიდველი იქნება, როგორც მსუბუქი ინდუსტრიის, ისე მომსახურების სფეროსათვის, ის ღია იქნება გლობალური კორპორაციების, ფინანსური და სადაზღვევოსექტორების, კვლევისა და ტექნოლოგიების ტრანსფერისათვის. ქალაქი დაეფუძნება შემოქმედებითი ეკონომიკური სიახლეების კონცეფციას, ბიზნესის დერეგულაციას, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა დათანამედროვე ინფრასტრუქტურას“.

პროექტის მიხედვით, ქალაქში გაშენდება და განვითარდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.

ანაკლიის პორტის და ანაკლია სითის საინვესტიციო ღირებულება $2.5 მილიარდ ლარს აღემატება. პროექტის ინვესტორები პორტის პირველი ეტაპის დასრულებას 2020 წლისთვის გეგმავენ.

კომენტარები