თავდასხმა ლაშა თორდიაზე

ნაცემი გენერალური აუდიტორი, საავიაციო ნაწილების ქარხანა და ფარცხალაძის მილიონები

airchive.com

საქართველოს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ნაცემია, მასზე ფიზიკური თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა. ლაშა თორდია მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, მერიის მიერ მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს.

თვითმფრინავების ნაწილების $85 მილიონიანი საწარმო:

ქარხნის საძირკველის ჩაყრა
ფოტო: საპარტნიორო ფონდი

2015 წლის 25 აგვისტოს, კომპანიამ, რომლის მაშინდელი დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელიც ოთარ ფარცხალაძე იყო თბილისის აეროპორტის მიმდებარედ, მერიისგან 62 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის უძრავი ქონება 200 ათას ლარად შეიძინა. ტერიტორიაზე ყოფილი ფოლადმშენის ქარხანა მდებარეობს. კონტრაქტის მიხედვით ფარცხალაძემ აღნიშნულ ფართობზე მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

მიწების გაცემიდან მალევე, 2015 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარტნიორო ფონდთან ერთად წარადგინა თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის პროექტი. პროექტის მიხედვით, ებრაული კომპანია Elbit Cyclone-ის ქარხანა აშენდება, რომელიც კომპოზიტური მასალებით (ნახშირბადის ბოჭკო, პლასტიკატი და სხვა) თვითმფრინავის ნაწილებს გამოუშვებს. პროდუქცია Boeing-ის, Airbus-ისა და Bombardier-ის ნაწილები იქნება და ის 100% ექსპორტზე გავა. ქარხნის ძირითადი ინვესტორი სახელმწიფოს კუთვნილი საპარტნიორო ფონდია, მისი თანაინვესტორი კი ოთარ ფარცხალაძის როიალ დეველოფმენთი. ქარხანა ფარცხალაძის კომპანიის კუთვნილ 62 ათასი კვადრატული მეტრის ნაკვეთზე შენდება. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI საქართველო) ფარცხალაძის კომპანიისა და საპარტნიორო ფონდის კავშირზე გასულ წელს ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, "როიალ დეველოფმენთის" მიერ აშენებული შენობა და ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა Elbit Cyclone-ის და "საპარტნიორო ფონდის" მიერ შექმნილ ერთობლივ კომპანია - JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC)-ს. შესაბამისად, ქარხნის რეალური მესაკუთრე ფარცხალაძის კომპანია იქნება.

TI საქართველო ანგარიშის მომზადებისას ფარცხალაძესთან დაკავშირებით პროექტის ინვესტორს, საპარტნიორო ფონდს დაუკავშირდა. ყოფილი მაღალჩინოსნის პროექტთან კავშირის შესახებ დასმულ კითხვებს საეჭვოდ დაემთხვა როიალ დეველოფმენთის დირექტორის ცვლილება. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, 2016 წლის 29 ივნისს კომპანიის ამონაწერიდან ოთარ ფარცხალაძის სახელი გაქრა.

ოთხი 20-სართულიანი კორპუსი ნუცუბიძეზე:


ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ოთარ ფარცხალაძის კიდევ ერთმა კომპანიამ ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტმა 2016 წელს მერიასთან მიწის გაცვლის ხელშეკრულება გააფორმა. ფარცხალაძის კომპანიამ მერიას მზიურის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება გაუცვალა ნუცუბიძეზე სამჯერ დიდ ტერიტორიაში. 

აღნიშნული ტერიტორიის ფართობი 6.7 ათასი კვადრატული მეტრია და მასზე ოთარ ფარცხალაძის სამშენებლო კომპანია ოთხ 20-სართულიან კორპუსს აშენებს.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძეა. წარსულში აღნიშნული კომპანია ფარცხალაძის კიდევ ერთ კომპანიას ზემოთხსენებულ როიალ დეველოფმენთს ეკუთვნოდა.

ფარცხალაძეს დღემდე სახელმწიფოს კუთვნილი მანქანები ემსახურება

პარტიამ მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო გაავრცელა ოთარ ფარცხალაძის ავტომობილების ამსახველი ვიდეომასალა. პარტიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მას 460 ათას ევროდ ღირებული Mercedes-ის ჯიპი და კიდევ ორი ავტომობილი ემსახურება. ყველა ეს ავტომობილი ფინანსური პოლიციის საკუთრებაა. 

 

კომენტარები