თავდასხმა ლაშა თორდიაზე

ომბუდსმენი: უკვე კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძე მხოლოდ გუშინ დაკითხეს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, "უკვე კითხვის ნიშანს აჩენს" ის ფაქტი, რომ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მხოლოდ გუშინ დაკითხეს.

"რატომ არ მოხდა დაუყოვნებლივ? მითუმეტეს, როდესაც საუბარია ერთერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებაზე. მე ვფიქრიბ, დაუყოვებლივ უნდა მომხდარიყო რეაგირება, მათ შორისმ ფარცხალაძის დაკითხვაც.

ჩვენ მივადევნებთ თვალყურს გამოძიებას. იმედი მაქვს, რომ გონივრულ ვადაში ძალიან ბევრ საკითხზე გვექნება ინფორმაცია და კითხვებს გაეცემა პასუხი. იმედი მაქვს, ეს გამოძიება გონივრულ ვადაში დასრულდება. თუ ეს გამოძიება არ დასრულდა და კიდევ ერთი გაწელილი საქმე მივიღეთ, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგება ამ საქმის სხვა ფორმატში შესწავლის აუცილებლობა, მათ შორის, შესაძლებელია იყოს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა" - თქვა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 12 მაისს მოხდა. თორდია მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო.

კომენტარები